10 აპრილი, 2015

კონსერვატორიაში მუსიკოლოგიური კონფერენცია ჩატარდება

1rezo17-19 აპრილს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია „მუსიკალური იდენტობა და კულტურათა გზაჯვარედინი“.

კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავს მოიყრიან ამ დარგის გამოჩენილი ექსპერტები და პროფესიონალები, სახელგანთქმული პროფესორები, მეცნიერები, მუსიკოსები. კონფერენციაში მონწილეობას მიიღებენ დარგის აღირებული ექსპერტები აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, თურქეთიდან, ირანიდან…

თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია დაარსდა 2015 წელს. მისი დამფუძნებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და საქართველოს კულტურის სამინისტრო. კონფერენცია ჩატარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელია კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი რეზო კიკნაძე.

კონფერენცია ჩატარდება კონსერვატორიის საკონფერენციო დარბაზში და კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში. ამავე ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კონცერტი, რომელიც კონფერენციის მთავარი თემის თავისებურ მუსიკალურ პრეზენტაციას წარმოადგენს. შესრულდება როგორც ქართული ფოლკლორის ნიმუშები, ისე თანამედროვე ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ის ნაწარმოებები, რომლებშიც ამა თუ იმ ქვეყნის მუსიკალური ფოლკლორის თანამედროვე ინტერპრეტირებას აქვს ადგილი.

კონცერტის მონაწილეები შეეცდებიან გასცენ პასუხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას – ინარჩუნებს თუ არა ეროვნული იდენტობა აქტუალობას თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში კულტურული გლობალიზაციის პირობებში?