Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელნაწერთა ცენტრის უნიკალურ კოლექციას საფრთხე ემუქრება

1laiხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ცენტრში დაცული უნიკალური კოლექციების ერთიანობის შესანარჩუნელად:

“ბოლო დროს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა რამდენჯერმე დააყენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაულ ხელნაწერთა კოლექციის ერთი ნაწილის, მათ შორის უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ლაილაშის ბიბლიის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტის) დაარსების მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში – სახელმწიფო თუ კერძო კოლექციებში – არსებული ხელნაწერი მემკვიდრეობის ერთ სიძველეთსაცავში თავმოყრა, შესაბამისი დაცვის პირობების შექმნა და მათი სამეცნიერო კვლევა.

სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით, წლების განმავლობაში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდები შეივსო არა მარტო ქართულ, არამედ ბერძნულ, სომხურ, სლავურ, სპარსულ, არაბულ, თურქულ, სხვა აღმოსავლურ თუ ევროპულ, და მათ შორის, ებრაულ ენებზე შესრულებული მდიდარი კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ხელნაწერი ნიმუშებით.

ათწლეულების განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კვლევები, რის საფუძველზეც ცენტრს დამსახურებულად აქვს მოპოვებული საერთაშორისო აღიარება. ამავე დროს ცენტრში სისტემატურად ხორციელდება საგამოფენო, საგანმანათლებლო, სარესტავრაციო, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი პროექტები, რომელთა მიზანია სხვადასხვაენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის დაცვა-შენახვა და პოპულარიზაცია.

ნებისმიერი ექსპონატის, მით უფრო – მსოფლიო მნიშვნელობის ლაილაშის ბიბლიის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან სხვა დაწესებულებისათვის გადაცემა ქმნის სახიფათო პრეცენდენტს, მთლიანად არღვევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შექმნისა და საქმიანობის მთავარ პრინციპს, ეწინააღმდეგება კოლექციათა მთლიანობის იდეას და არ შეესაბამება საერთაშორისო სამუზეუმო პრაქტიკაში დამკვიდრებულ კოლექციათა განუყოფლობის პრინციპს. კოლექციათა ერთიანობის რღვევის ტენდენცია მომავალში დიდი პრობლემა გახდება ზოგადად ქართული სამუზეუმო სივრცისათვის.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმედს ვიტოვებთ, რომ არ შეექმნება საფრთხე ცენტრის უნიკალური კოლექციის ერთიანობას.”