10 აპრილი, 2015

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება თბილისში გაიმართება

1feniqsi15 აპრილს კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“ საზეიმო ცერემონია თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართება.

”ახალი სახეები ახალი კავკასიისთვის” – ეს არის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“ ლოზუნგი, რომელიც ყოველწლიურად 6 ნომინაციაში (საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი/ჯგუფი, განვითარებისთვის, ფენიქსის გმირი) საუკეთესო არტისტებსა და ჯგუფებს ავლენს.

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება უკვე ოთხი წელია ტარდება. მისი დამაარსებელი როკ მუსიკოსი ლადო ბურდულია. „ფენიქსი“ 1995 წლის კავაკსიის როკ-ფესტივალებიდან იღებს სათავეს. დღეისათვის აღნიშნული მუსიკალური დაჯილდოება ინტერნეტ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მოღვაწე მუსიკოსები გაერთიანდებიან.

ამ პროექტის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა, რომელიც თავმოყრილია ერთ საიტზე, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე მუსიკის სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებს, ახალ ჯგუფებსა და მათ შემოქმედებას.