3 აპრილი, 2015

გიორგი ცაგარელი: ,,სიჩუმე ასეთ შემთხვევებში დანაშაულია!”

1cagareliახალგაზრდა ალტისტი გიორგი ცაგარელი თბილისის საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციას საგანგებო განცხადებით მიმართავს და ხელოვანებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვს:

“თბილისის საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაცია!!! გვეცით პატივი!!! ასეთი დიდ თანხის სანაცვლოდ ელემენტარული პირობები მაინც შეგვიქმენით!!! 2007 წლიდან ხშირად მიწევს სხვადასხვა კონცერტებზე დაკვრა თბილისის საკონცერტო დარბაზში (ეგრედ წოდებულ ფილარმონიაში)…

2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 8 კონცერტზე მომიწია დაკვრა, შესაბამისად 8-ჯერ მქონდა სცენის სართულზე გამოყოფილი საარტისტო ოთახი, სადაც მთელი დღის განმავლობაში მიწევს რეპეტიციიდან კონცერტამდე ყოფნა. ლოგიკურია რომ მთელი დღის გაოფლიანებულს (ბოდიში, დაკვრისას ასე ხდება) მჭირდება შხაპის მიღება, თავის მოწესრიგება და ტუალეტით სარგებლობა.

აი დირიჟორს, ორკესტრის წევრებს კი ფაქტიურად დილიდან ღამემდე დასვენების გარეშე უხდებათ რეპეტიციების ჩატარება, რადგან დარბაზის იჯარა 14 000 ლარი (განათების და ხმის რეჟისიორების გარდა) ჯდება და მთავარი რეპეტიციაც და კონცერტიც ერთი და იგივე დღესაა. ანუ მე და სხვა სოლისტებს თუ გაგვიმართლა, ჩვენი ნაწარმოებები რეპეტიციაზე გავიარეთ ისეთ დროს, რომ მერე კონცერტამდე სახლში გავარდეთ, მოვწესრიგდეთ და უკან მოვბრუნდეთ, “ბედნიერები” ვართ. აი ორკესტრის მუსიკოსებს, ბენდს, დირიჟორს და ა.შ. ამის დრო არ აქვთ. ბევრჯერ მოვითმინე და მივხდი, რომ ამხელა თანხის სანაცვლოდ, ელემენტარული პირობები არ უნდა გვქონდეს სანატრელი!

ახლოვდება 23 და 24 აპრილის კინო მუსიკის კონცერტები და ისევ ასეთ სტრესში მოგვიწევს ყოფნა… ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია… ნუთუ ასე ძვირი ღირს უნიტაზის და შხაპის მიწესრიგება?

სიჩუმე ასეთ შემთხვევებში დანაშაულია. არავინ მათ არ აწუხებს, არ საყვედურობს და თვითონაც არ ანაღვლებთ და ვერც ხვდებიან, რომ ელემენტარული უპატივცემულობაა ეს ყველაფერი. დაახლოებით ვხვდები ჯაზ-ფესტივალზე ის ვარსკვლავები ჩვენზე რას ფიქრობენ, რაც ასევე ძალიან გულდასაწყვეტია.”