2 აპრილი, 2015

ხმა აიმაღლე მუსიკისთვის!

xma„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ – ამ სლოგანით აღინიშნება წელს 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია გარკვევით აუხსნას საზოგადოების ყველა ფენას, რომ მეკობრეობა და საავტორო უფლებების დარღვევა დასჯადი ქმედებაა.

საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე კონკუსს აცხადებენ. კონკურსის პირობების თანახმად, მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი უნდა გამოხატავდეს საავტორო უფლებების პატივისცემას, მოწოდებას მისი დაცვისა და დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ტექსტში გამოყენებული უნდა იყოს 2015 წლის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო დღის სლოგანი ,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის”.