21 აპრილი, 2015

,,გაღმა ნაპირი” აფხაზურად ითარგმნა

1gagmaგიორგი ოვაშვილის ფილმი “გაღმა ნაპირი” აფხაზურ ენაზე გამოიცა. „გაღმა ნაპირის“ აფხაზურენოვან დისკებს კულტურის მინისტრი საჩუქრად აფხაზებს გადასცემს.

22 აპრილს კულტურის სამინისტროში მიხეილ გიორგაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გიორგი ოვაშვილის ფილმის „გაღმა ნაპირის“ აფხაზურენოვან დისკებს აჩუქებს. ღონისძიებას გაუძღვებიან მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.

გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ აფხაზურ ენაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ითარგმნა. პროექტის მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთში ფილმის გავრცელება და პოპულარიზაცია.

„გაღმა ნაპირი“ აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. 2009 წლის განმავლობაში ფილმი 30-მდე ქვეყანაში, 80-მდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირს“ რამდენიმე ათეული ჯილდო აქვს მოპოვებული.