21 აპრილი, 2015

ჯემალ ღაღანიძე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

1jemalრუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 60 წელია ამ თეატრში მუშაობს. ამაყობს, რომ არასრდოს ჰყოლია დუბლიორი და ლეგენდარულ ”კავკასიურ ცარცის წრეში” ყველა სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მსახიობი განვლილი ცხოვრების საინტერესო ისტორიებს იხსენებს.

***

ნამდვილად გამიმართლა ცხოვრებაში. რაც ჩაფიქრებული მქონდა ახალგაზრდობაში, ის განვახორციელე. საშუალო სკოლაში თითქმის მეშვიდე კლასიდან ჩაფიქრებული მქონდა და ჩემი ოცნება იყო მსახიობი გავმხადრიყავი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ყველაფერი ამიხდა. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თეატრს და შემოქმედებით ცხოვრებას. თითქმის 60 წელია რუსთაველის თეატრში ვარ.ხდება ხოლმე, როცა გრძნობ, ეს როლი რომ მეთამაშა, ალბათ ვითამაშებდიო. მერე დროს მოაქვს ყველაფერი, ადამიანი ფიზიკურადაც იცვლება და გონებრივადაც და შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოს, რომ გინდოდა იმ როლის თამაში. ერთი პერიოდი ძალიან გამხდარი და მაღალი ვიყავი და შეიძლება დონ კიხოტზე მეფიქრა, მაგრამ იმ მომენტში მზად არ ვიყავი, ჩემი ასაკი არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ ამხელა როლი წამომეკიდებინა. მსახიობს თავისი ამპლუა აქვს და რეალურად უნდა იფიქროს. პირადად მიმაჩნია, რომ სახასიათო მსახიობი ვარ, იმიტომაც არის, რომ 4-5 კაცი ვართ თეატრალურ სამყაროში, რომლებმაც მივიღეთ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია.

***

რწმენას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. ჩემს ოჯახში ბევრი უძველესი ხატია. სამწუხაროდ, იყო დრო, როცა ეკლესიისა და მასში მოღვაწე სასულიერო პირების მიმართ ხორციელდებოდა რეპრესიები და ამ მხრივ რთული მდგომარეობა იყო. ამასწინათ ვნახე ძალიან საინტერესო ფილმი საეკლესიო თემასთან დაკავშირებით, მღვდლების დახვრეტით დაწყებული, ეკლესიების ნგრევით დამთავრებული, რომელიც ისეთი ემოციური იყო, რომ ჩემზე საშინლად იმოქმედა. თბილისში დაბადებული, გაზრდილი კაცი ვარ, მაგრამ პარლამენტის შენობის ადგილზე მდგარი ეკლესიის დანგრევა არ მახსოვს. ბავშვობიდან მახსოვს, რომ ოჯახში ამ კუთხით განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო. ჩემი ნათლობა მახსოვს, ნათლობის სახელიც ჯემალი მაქვს. ამ ოთახში ვარ მონათლული, სადაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს მამაჩემის ნათქვამი, რომელიც დედაჩემს უთხრა, მანჯგალაძე პარტიიდან გარიცხეს და მგონი დაჭერასაც უპირებენ, ბავშვი მოუნათლიაო. ჩვენ ეკლესიაში არ წავსულვართ, ამ უფანჯრო ოთახში მოგვნათლა ღამით მღვდელმა მე და ჩემი ძმა. ეს მღვდელი დოლიძეზე ცხოვრობდა და ჩემი ძმის კლასელის ბაბუა იყო, ეტყობა, ამიტომ მოვიდა ასე გაბედულად ჩვენს ოჯახში. ჩემი ნათლიის მამაც მღვდელი იყო, მაგრამ ჩვენ რომ მოვინათლეთ, ის უკვე ღრმად მოხუცებული იყო და მოქმედი მღვდელი აღარ იყო. ის მღვდელი ცალკე ცხოვრობდა ოთახში, ძალიან დაინტერესებული ვიყავი და რომ შევიდოდი, სამღვდელოების რეკვიზიტები, ტანსაცმელი ჰქონდა და დიდი ინტერესით ვათვალიერებდი.

***

ცოტა რომ წამოვიზარდე, საშუალო სკოლაში დავდიოდი და დავიწყე ეკლესიაში სიარული, მაგრამ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე დიდუბის ეკლესიაში ჩავდიოდით ბიჭები ღამისთევით. იმდენად ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ისე ხშირად მიწევს ტაძრებში სიარული მიცვალებულების გამო, ძალაუნებურად სანთელსაც ვანთებ და ვლოცულობ კიდეც. ბედმა იმაშიც გამიღიმა, რომ ეკლესია პირდაპირ ეზოში ჩაგვიდგეს. დილაობით ზარების რეკვა ისმის, ვაღებ ფანჯარას და გალობა ისმის სახლში. უკვე ძალაუნებურად ვებმები ეკლესიურ ცხოვრებაში. ჩემი თავი დავიჭირე – ზარების რეკვის დროს ვდგები, ვაღებ ფანჯარას და პირჯვარს ვიწერ. მაქვს ჩემი კუთხე, სადაც მიცვალებულების ფოტოები მაქვს, ხატიც მიკიდია და ხშირად იქ ვლოცულობ ხოლმე. ჩემი მეუღლე ჩემზე მეტად ეკლესიურია. ჩვენ ჩვენი ოჯახის მოძღვარი გვყავს, ახალგაზრდა ბიჭია. ჩემი ქალიშვილის მეგობარია.

***

გასტროლზე ყოფნის დროს, სადაც ეკლესიას მოვკრავდით თვალს, მივდიოდით, ვლოცულობდით და სანთელსაც ვანთებდით. უმეტესწილად კათოლიკურ ეკლესიაში გვიწევდა შესვლა, მაგრამ თუ სადმე მართლმადიდებლურ ტაძარს ვნახავდით, ხელიდან არ ვუშვებდით. ოჯახში მაქვს ხატები, რომლებიც ძირითადად ან ნაჩუქარია, ან გასტროლების დროს არის შეძენილი. კიევში გვყავდა უნიკალური ოჯახი, ცოლ-ქმარი, რომლებიც ხატებს ხატავდნენ ჩუმად. იმ პერიოდში აკრძალული იყო, მაგრამ ამას მაინც ახერხებდნენ და ყიდდნენ. ცოლ-ქმარი დააპატიმრეს, ქმარი ციხეში გარდაიცვალა, ამ ქალმა მოახერხა ციხიდან გამოსვლა და ახლაც ხატებს ხატავს. ახლა იქით ეხვეწებიან, ხატები დახატეო. თავისი გამოფენებით ამ ადამიანმა მოიარა მსოფლიო. ჩვენ ძალიან გვინდა, ეს ქალბატონი თბილისში მოვიწვიოთ და ხატების გამოფენა მოაწყოს. ვატიკანშიც ვარ ნამყოფი და ერთი უცნაური ამბავიც შეგვემთხვა. ჩვენ გასტროლი გვქონდა 1981 წელს იტალიაში, რომში. ვატიკანში უნდა გამოსულიყო რომის პაპი და წირვა ჩაეტარებინა. ზუსტად ამ დროს სპექტაკლი გვქონდა რომში. გვინდოდა წირვაზე წასვლა, მაგრამ არ გვირჩიეს, საშინელი საცობები იქნება და სპექტაკლს ვერ მოუსწრებთო. მართლაც არ წავედით. იმ დღესვე, 13 მაისს, თბილისის “დინამომ” თასების თასი აიღო. თამაშის დროც სპექტაკლის დროს ემთხვეოდა და ვთხოვეთ ადმინისტრაციას, ეგებ კულისებში ტელევიზორი დაგვიდგათ, რომ თამაშის ანგარიში გაგვეგო. დაახლოებით 7 საათი იქნებოდა. სანამ თამაში და ჩვენი სპექტაკლი დაიწყებოდა, გადმოცემა იყო ვატიკანიდან რომის პაპის წირვასთან დაკავშირებით. იმ წუთას ჩვენს თვალწინ, ტელევიზორში, ესროლეს და რომის პაპი დაჭრეს. ატყდა ერთი ამბავი, როგორც ჩანს, უფალმა დაგვიფარა, შემდეგ პროგრამაც შეიცვალა, ფეხბურთიც აღარ აჩვენეს. ვატიკანი მართლა საოცრება იყო. მახსოვს ჩვენი გასტროლები არგენტინაში, სადაც სომხების უდიდესი დიასპორა ცხოვრობს. ერთი პროსპექტია სომხების, რომელიც მთავრდება მათი ეკლესიით. მოვიდნენ, დაესწრნენ სპექტაკლს და როცა დამთავრდა, რობიკოსთან მივიდნენ და დაგვპატიჟეს თავისთან ეკლესიაში. მართლაც, დილიდან საღამომდე ვიყავით იმ ეკლესიაში. დაიდგა წირვა სპეციალურად რუსთაველის თეატრისთვის, გაშალეს დიდი სუფრა და უმაღლეს დონეზე გაგვიმასპინძლდნენ.

***

იერუსალიმში ორჯერ ვართ ნამყოფი. რანაირი ურწმუნო უნდა იყო ადამიანი, რომ იერუსალიმში ჩახვიდე და არაფერი იგრძნო და ირწმუნო. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, ქრისტეს ნაკვალევზე დავდიოდი. სადაც შეხვალ, იქ ყველაფერი წმინდაა. საოცარი შეგრძნებაა იერუსალიმი, გრძნობ, რომ იწმინდები და სულ სხვა ადამიანი ხდები. მქონდა შანსი, კიდევ ერთხელ ჩავსულიყავი წმინდა მიწაზე. რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”, სადაც ერთ-ერთი როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ იმ პერიოდში ავად ვიყავი და რეზოს ბადრი ბეგალიშვილის კანდიდატურა შევთავაზე. არც თეატრში და არც კინოში სასულიერო პირი არ მითამაშია. სასულიერო პირებთან ურთიერთობა არ მიჭირს, პირიქით. ჩემს სახლთან ასე ახლოს რომ არის ეკლესია, ურთიერთობა სასულიერო პირებთან უფრო მჭიდრო გვაქვს. განსაკუთრებით ჩემს შვილიშვილს. როცა ეს ეკლესია შენდებოდა, უბანი ფიზიკურად მუშაობდა, ამ საქმეში ჩემი შვილიშვილიც იღებდა მონაწილეობას, ამიტომ ის უფრო გაცნობიერებულია. აღდგომასა და სხვა რელიგიურ დღესასწაულებზე მთელი ეზო გადავსებულია ხოლმე, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ გვყავს უფლის მოციქული ჩვენი პატრიარქის სახით, ამიტომ მას ყური უნდა დავუგდოთ, მოვუსმინოთ და მისი რჩევები გავითვალისწინოთ. მინდა ბოლომდე ვიყოთ რწმენაში ძლიერები, თორემ სხვანაირად ერი დაიღუპება. ჩვენი უწმინდესი არის ბრძენი კაცი.

***

ჩემი სოფელი არის ღანირი, სამტრედიასა და ხონს შორის მდებარეობს. ჩვენს სოფელში დგას უნიკალური ეკლესია, რომელიც არის ხის და ულურსმო. ახლაც მოქმედია, წმინდა გიორგის სახელობისაა და მრევლი ძალიან უვლის. ხონში არის იმერეთის საეპისკოპოსო. ერთხელ ვიყავი ხონში და ჩამოსული იყო უწმინდესი. ხონში რაღაც თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა და ჟიურის წევრი ვიყავი. სადილზე ძალიან ახლოს გავიცანი უწმინდესი და გაოცებული დავრჩი, რა საინტერესო ადამიანია. ბევრი შეკითხვა დავუსვი, ვიკითხე, ადამიანი რომ ვერ მარხულობს, ცოდვაა-მეთქი და მიპასუხა, არაო. თუ ადამიანი ავადმყოფია და კვება სჭირდება, მაშინ მარხვა მისთვის არ შეიძლებაო. ჩემი ქალიშვილი პიანისტია, რელიგიურ თემაზე გამართა ჯანსუღ კახიძის დარბაზში კონცერტი ორკესტრთან ერთად, რა თქმა უნდა, დავპატიჟეთ უწმინდესი. მობრძანდა ჩვენი პატრიარქი, დალოცა ჩემი ქალიშვილი, მიულოცა და წარმატებები უსურვა.

***

ჩვენი ოჯახის მფარველი ხატი წმინდა ნიკოლოზის პატარა ხატია, რომელმაც სიკვდილისგან გადაგვარჩინა. კიევში გვაჩუქეს ეს ხატი და ჩემს მეუღლეს გულის ჯიბეში ედო. უცებ ისეთ საშინელ ავარიაში მოვყევით 4 მანქანა, იქიდან ცოცხალი ვინმე თუ გადარჩებოდა, არავის ეგონა. სულ დაიმტვრა მანქანებში ყველაფერი, შამპანურის ბოთლები დაილეწა, სუნამოების ბოთლები დასკდა, მანქანის შუშები დაიმსხვრა, კარები აღარ ება არც ერთ ავტომობილს, მაგრამ ხატი გადარჩა უვნებლად და დღემდე მგონია, რომ იმ ხატმა გადაგვარჩინა. მე, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, ბელა მირიანაშვილი და ჩვენი რეჟისორი, 4 მანქანით ვიყავით კიევში წასულები. დიდი მანქანა იყო გაჩერებული ხიდზე. ჩვენ კი დავამუხრუჭეთ, გავჩერდით ოთხივე მანქანა, მაგრამ უკან ტრაილერი მოდიოდა, ვერ შეგვნიშნა და მიგვაწყო ერთმანეთზე. წმინდა ნიკოლოზის ხატი მხოლოდ პატარა კუთხეში გაიბზარა. ეს ხატი ჩვენი ოჯახის მფარველია, წმინდა ნიკოლოზმა აშკარა სიკვდილისგან გადაგვარჩინა.