23 მარტი, 2015

უნიკალური ქართული ექსპონატი ფლორენციაში გამოიფინა

gam56საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კულტურული მოვლენის თანამონაწილეა: ფლორენციაში, პალაცო სტროციში ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმის, ვაშინგტონის ეროვნული გალერეისა და ტოსკანის მთავარი არქეოლოგიური სამმართველოს ორგანიზებით გაიხსნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური გამოფენა ,,ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები”.

გამოფენაზე მნახველს პირველად შეუძლია ერთად იხილოს არა მხოლოდ ელინისტური ხელოვნების, არამედ ზოგადად ,,ძველი სამყაროს შედევრებად აღიარებული ნიმუშები” მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან, როგორებიცაა ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმი, ნიუ იორკის მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმი, ფლორენციის უფიცის გალერეა, ნეაპოლის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, ათენის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, პარიზის ლუვრი, ვატიკანის მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ წარმოდგენილია ვანში აღმოჩენილი ბრინაჯოს ჭაბუკის ტორსი (ძვ.წ. II-I საუკუნეები).

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობა გამოფენაში მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს ჟან-პოლ გეტის მუზეუმთან. თანამშრომლობის პროექტი ითვალისწინებს უძველესი ლითონების სამეცნიერო შესწავლასა და ტექნიკურ კვლევას. გამოფენას 2015 წლის 21 ივნისამდე უმასპინძლებს პალაცო სტროცი, ხოლო შემდეგ, 2016 წლის მარტამდე ვაშინგტონის ეროვნული გალერეა და ჟან-პოლ გეტის მუზეუმი.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დასრულდება ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი უკვე განახლებულ საგამოფენო სივრცეში თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს დაუბრუნდება.