27 მარტი, 2015

თამარ მეფის სახარება აღდგენილია

tamar-mefe2ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თამარ მეფის პირადი სახარება ე.წ. “ვანის ოთხთავი” ახალი, რესტავრირებული ყდით წარმოადგინა.

ვანის სახარება მეფე თამარისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. გაფორმების ხარისხითა და შესრულებით იგი ერთ-ერთი უპირველესთაგანია და გამორჩეული ,,საზეიმო” ხელნაწერებს შორის. გადაწერილია მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე ნუსხურით, უხვადაა გამოყენებული ოქრომელანი. შემკულია მდიდრული კამარებით, თავსამკაულებით, სახარებათა თავების დასაწყისში წარმოდგენილია ორიარუსიანი მინიატურები.

გასულ წელს ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრის ადვოკატ ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ მოხდა ,,ვანის ოთხთავის’’ ყდის შეცვლა, ვინაიდან 70-იან წლებში არასწორი ტექნიკით შესრულებული ყდა იწვევდა ხელნაწერის დაზიანებას.

პრეზენტაციაზე ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში რამდენიმე საათით გამოიფინა ხელნაწერი და საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, ეხილა ყდის ძველი და ახალი მდგომარეობა და შეეფასებინა შესრულებული სამუშაო.