9 მარტი, 2015

სოფო ნიჟარაძე: ,,ყველაფერს ჩარჩოებში მოვაქცევ”

sopo6მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ კიდევ ერთი გამოწვევა მიიღო და ახალ მუსიკალურ პროექტში ჩაერთო.
სოფო “იქს ფაქტორის” მეორე სეზონის ჟიურიშია და პროექტში მსურველთაგან საუკეთესოების შერჩევა უწევს თავის კოლეგებთან ანრი ჯოხაძესთან და თამთა გოდუაძესთან ერთად.

მომღერლებს არც ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ჩამორჩება და კონკურსანტებში ნიჭიერ მომღერლებს ისიც აარჩევს.

ჟიურის ახალი წევრი არ მალავს, რომ იქნება მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი, ობიექტური და ყველაფერს ჩარჩოებში მოაქცევს:

“მიუხედავად იმისა, რომ მე ჟიურიში ყოფნის გამოცდილება უკვე მაქვს, იქს ფაქტორი ბევრად განსხვავებულია, შესაბამისად მუსიკალური მენტორობა მეტად საპასუხისმგებლოა.

ნიჭიერის ჟიურის წევრობისას მეტად თავისუფალი ვიყავი შეფასებებში, განსხვავებული ნომრების გამო, შესაბამისად ჩემს მიმართ კრიტიკაც ბევრად ნაკლები იყო. ახლა მომიწევს ვიყო უფრო მკაცრი, ობიექტური, მომთხოვნი. ეს არ ნიშნავს რომ კონკურსანტი არ მომეწონება, პირიქით, ვინც უფრო მომწონს მის მიმართ მეტად მომთხოვნი ვარ, ასევე, საკუთარი თავის მიმართაც ასე ვარ. დაბალანსებული ადამიანი ვარ და ყველაფერს ჩარჩოებში მოვაქცევ.

ჩვენი ქვეყანა ძალიან მუსიკალურია და პოტენციალი გვაქვს უსაზღვრო, შესაბამისად, ველოდები ძალიან კარგ კონკურსანტებს, სიამოვნებით ვიმუშავებდი ოთხივე კატეგორიასთან, მთავარია შესაფერისი იყოს ჩემთან, რომ გადავცე მთელი ის ცოდნა და გამოცდილება და ვასწავლო ყველაფერი.”