31 მარტი, 2015

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები ცნობილია

1festivalწელს შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში უკვე მეცხრედ გაიმართება. მისმა ორგანიზატორებმა ფესტივალის მონაწილეები ოფიციალურად დაასახელეს.

ჯაზ-ფესტივალი ბათუმში წელს 23-26 ივლისს ჩატარდება, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები. აჭარაში ჩამოვლენ George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg.

კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „NEW YORK BRASS BAND“ -ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five’’’-ში კონცერტებს გამართავს ასევე „House Band“ ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტებს ნიუ იორკში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე გაუძღვება.

წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მონაწილეების მუსიკალური დოსიე ასეთია:

Liv Warfield feat. The NPG Hornz

34 წლის ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ძლიერი ხმითა და დაუვიწყარი პერფორმანსებით. Liv Warfield-ის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა: Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი იყო Embrace Me, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ის გახდა პრინცის ჯგუფის New Power Generation წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz’’. ვორფილდის მეორე ალბომის პროდიუსერი 2014 წელს სწორედ პრინცი იყო. 2014 წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს, Soul Train-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“ .

 George Clinton Parliament Funkadelic

ჯორჯ კლინტონი ცნობილი ამერიკელი ფანკ მუსიკოსია. მისი კარიერა დაწყო ბენდთან, The Parliaments ერთად. მათი ყველაზე ცნობილი ჰიტი „I Wanna Testify“ 1967 წელს შეიქმნა. კლინტონი ასევე იყო ჯგუფების, P-Funk-ისა და Funkadelic-ის ლიდერი. 80-იანი წლებიდან ჯორჯ კლინტონმა სოლო კარიერა დაიწყო. დღეს ის თანამედროვე ურბანული მუსიკის „მამად“ მოიაზრება. გარდა ამისა, ჯეიმს ბრაუნთან და სლაი სთოუნთან ერთად, მას მიიჩნევენ ფანკ მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად. „Ain’t nothin’ but a party” მისი საყვარელი ფრაზაა და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზეც დაუვიწყარ კონცერტს გვპირდება.

Liza Stensfield

80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, ლიზა სტენსფილდი იყო ყველაზე პოპულარული პოპვარსკვლავი პლანეტაზე. სასიამოვნო ვოკალისა და საცეკვაო რიტმის მქონე სიმღერებით მან მსმენელის აღტაცება დაიმსახურა. მსოფლიო პოპულარულობა ხვდა წილად ლიზა სტენსფილდის დუეტს ჯორჯ მაიკლთან და Queen-თან სახელწოდებით „These Are The Days Of Our Lives“. ამ სიმღერამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ლიზა სტენსფილდს 15 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული თავისი კარიერის განმავლობაში. მიუხედავად ამგვარი პოპულარობისა, ის არასდროს აჰყოლია ტრენდებს მუსიკაში და ქმნიდა მხოლოდ იმ სტილს, რომელიც თავად მოსწონდა.

SNOOP DOGG

30 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი, მრავალი გრემი და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი – ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და შოუ-მენი SNOOP DOGG საკუთარი ცხოვრების სტილისა და საქმიანობის გამო დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1993 წლიდან დღემდე, მომღერალს სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლბეთან ერთად 12 ალბომი აქვს გამოშვებული. SNOOP DOGG-ის კარიერაში, მის ყველაზე წარმატებულ ალბომად „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა. 2013 წლის აპრილში, მომღერალმა პირველი რეგის ჟანრის ალბომი – „Reincarnated“ ჩაწერა და ამ ჯერად, საკუთარ თავს, SNOOP DOGG-ის ნაცვლად SNOOP-LION უწოდა. რეგის ჩარტებში აღნიშნული ალბომი პირველ ადგილს გამოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა. გარდა მუსიკისა, დღეისათვის ამერიკელი მომღერალი სხვადასხვა სფეროშიც აქტიურად მოღვაწეობს. მის მფლობელობაშია კომპანია „Uncle Snoop’s Army“, რომელიც მსოფლიოს სხადასხვა წერტილში მასშტაბურ ივენთებს უწევს ორგანიზებას. მომღერალს ასევე, მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ფილმში და დაარსებული აქვს საკუთარი ფილმწარმოების კომპანიაც.

P.S. შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორებმა წელს პირველად გამოაცხადა ყოველწლიური კონკურსი „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ არტ პოსტერის შესაქმნელად. მისი მიზანია გამოავლინოს ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც 2015 წლის ზაფხულის ფესტივალის მთავარი ატრიბუტი იქნება. თემატიკა არის ჯაზი, ზოგადად, მუსიკა და ზღვა. „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ არტ პოსტერის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში ორი გამარჯვებული გამოვლინდება. ორგანიზატორების რჩეული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 2000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2 VIP ბილეთით. კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება სოციალური ქსელის მომხმარებლის სიმპათია, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს. გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 1000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2 ბილეთით.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია არტ პოსტერზე გამოყენებული იქნას ფესტივალის ლოგო და არ დაირღვეს ლოგოს პროპორცია. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კი ნამუშევარი არ განიხილება.