27 მარტი, 2015

საგანგებო მიმართვა თეატრალებს

warlikowski-krzysztof227 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი ამ თარიღთან დაკავშირებით, ცნობილი პოლონელი რეჟისორის ქშიშტოფ ვარლიკოვსკის საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

“თეატრის ოსტატთა მონახვა სცენიდან მოშორებითაა შესაძლებელი… რადგან მათ თეატრი არ აინტერესებთ, როგორც მექანიზმი პირობითობებისა და კლიშეების ტირაჟირებისთვის.

შთაგონების ცოცხალ წყაროს ისინი თეატრალური დარბაზებისა და ადამიანთა თავყრილობებისგან შორს ეძებენ, იმ თავყრილობებისგან, რომლებიც ამა თუ იმ სამყაროს ასლის შექმნას ცდილობენ. ჩვენ საკუთარ სამყაროს კი არ ვქმნით, არამედ კოპირებას ვახდენთ – მაყურებელთან კამათის და ღრმა ემოციების ქვაკუთხედისა , რომლის წარმოჩენაც მხოლოდ თეატრს შეუძლია.

ყველაზე ხშირად დამოძღვრისთვის პროზას მივმართავ. დღითი დღე იმ მწერლებზე ვფიქრობ, რომლებმაც წინასწარმეტველურად, თუმცა ძალიან ფრთხილად ასახეს ევროპელ ღმერთთა დაისი, რომელმაც წყვდიადში ჩაძირა ჩვენი ცივილიზაცია და ეს წყვდიადი დღესაც არ განათებულა.

ფრანც კაფკაზე ვფიქრობ, თომას მანზე, მარსელ პრუსტზე. ამ წინასწარმეტყველებს, დღეს ჯონ მაქველ კუტზეს მივაწერდი.

მათი საღი აზროვნება, სამყაროსა და არა პლანეტის დასასრულის დროს, ადამიანთა ურთირთობების სისტემის, საზოგადოების წესრიგისა და უწესრიგობის ამსახველი – აქტუალურია ჩვენთვის დღესაც აქ და ამ წუთას. ჩვენთვის, რომლებიც იმ სამყაროს დასასრულის შემდეგ დავიბადეთ, ჩვენთვის, ვინც შეირაღებული კონფლიქტებისა და დანაშაულის პირისპირ ვცხოვრობთ, ხან აქ და ხან იქ რომ იფეთქებს ისეთი სისწრაფით, რომ მას მედიაც კი თავისი საცეცებით ვერ ასწრებს რეაგირებას… კონფლიქტების ეს ბუდეები ასევე ჩქარა ხდება პრესისთვის უინტერესო და სამუდამოდ ქრება ჩვენი თვალსაწიერიდან. ჩვენ კი, შეშინებულნი და უნიათონი, ვგრძნობთ, რომ ხაფანგში ვართ მომწყვდეული. კოშკების აგება ჩვენ აღარ შეგვიძლია. კედლები, რომლის აღმართვასაც ძალუმად ვცდილობთ, არაფრისგან აღარ გვიცავს. პირიქით, ისინი იქით თხოულობენ ყურადღებასა და დაცვას – და ეს გვართმევს ჩვენ სასიცოცხლო ენერგიას. ჩვენ იმის ძალაც კი აღარ შეგვწევს, რომ ჭიშკრის იქით გადავიხედოთ.
მაგრამ თეატრი ხომ მხოლოდ ამისთვის უნდა არსებობდეს და იქ უნდა იკვებებოდეს სასიცოცხლო ძალით…

ჩაიხედოს იქ, სადაც ჩახედვა აკრძალულია.

„მითი აუხსნელის ახსნაც ცდილობს. ის სიმართლის წიაღში იღებს სათავეს და შეუცნობადით მთავრდება“ – კაფკას ეს სიტყვები, რომელიც პრომეთეს მითს უკავშირდება, შეგვიძლია მივაკუთვნოთ იმას, თუ როგორი უნდა იყოს თეატრი. ისეთ თეატრს, რომელიც სათავეს სიმართლის წიაღში იღებს და შეუცნობადით მთავრდება, მე ვუსურვებ ყველა მის მსახურს – როგორც სცენაზე, ასევე მაყურებელთა დარბაზში. და მთელი გულით ვუსურვებ ამას.”

მსოფლიო თეატრალებისთვის განკუთვნილი გზავნილი პოლონურიდან ქეთი დოლიძემ თარგმნა.