17 მარტი, 2015

,,საჩუქარს” მიხეილ მარმარინოსი გახსნის

marmar8მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი 2015 წლის საფესტივალო პროგრამას და 2015/16 წლის თეატრალურ სეზონს მიხეილ მარმარინოსის განახლებული სპექტაკლით „ეროვნული ჰიმნი“ გახსნის.

მიხაილ მარმარინოსმა ათენში ჯერ ნეირობიოლოგია შეისწავლა. შემდეგ სამსახიობო საქმეს და რეჟისურის ხელოვნებას დაეუფლა. მის მიერ დაფუძნებული „დიპლოს ეროს“ თეატრალური კომპანია პირველივე წარმოდგენიდან სახელმწიფოს სუბსიდიას ფლობს და ყოველ ახალ წელს ბერძნულ თეატრს სახელს უხვეჭს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ქართულ თეატრთან მარმარინოს მიხეილ თუმანიშვილის კინო-მსახიობთა თეატრი და ფესტივალი „საჩუქარი“ აკავშირებს. მის მიერ დადგმული ჰაინერ მიულერის „მედეა: მასალა“ არა მხოლოდ საერთაშორისო თეატრალური კოლაბორაციის პიონერია საქართველოში, არამედ პირველი ევროპული თეატრალური პრაქტიკა კულტურის ადმინისტრირებაში.

მიხეილ მარმარინოსის კომპანიამ შიდა ტრანსფორმაციის საფუძველზე დასახელება შეიცვალა და „თეზეუმ ანსამბლი“ დაირქვა. მისი იდეა ისეთი თეატრის სამსახური გახდა, რომელიც ხალხის მოკრძალებულ ისტორიას ჰყვებოდა, რადგან არ არსებობს წუთიც კი ცხოვრებაში რომელიც თეატრისგან თავისუფალია, თუ კი კარგად დავაკვირდებით. მარმარინოსი დღესაც არისტოტელეს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია და ბიოენერგიის მეთოდს იკვევს და ასწავლის სამსახიობო ოსტატობის სრულყოფისათვის. მეთოდს, რომელიც საბერძნეთის და საქართველოს გარდა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, კორეამ, პოლონეთმა, ესპანეთმა, სერბიამ, შვეიცარიამ, რუსეთმა, მაკედონიამ, იტალიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ სკოლად აღიარა.

ძველი ბერძნული დრამატურგიის და თეატრალური სტრუქტურის უნიკალური მახასიათებლების დაცვითა და თანამედროვე ფორმაში დამკვიდრებით, მარმარინოსმა თეატრის, ტექსტის, ქაოსის, ისტორიის, პოლიტიკის ისეთი მედიუმი შექმნა, რომელმაც ყველაზე აქტუალური გზავნილები გადასცა მაყურებელს და შექმნა მათთვის სტრუქტურა, როგორც ხელსაწყო წარსულის და აწყმოს განსაჭვრეტად.