26 მარტი, 2015

ქართულმა ფილმმა კალიფორნიის კინოფესტივალზე გაიმარჯვა

babu4რეჟისორ ბექა სიხარულიძის ფილმმა “ბაბუს მევალე” კალიფორნიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა:

“ჩემმა პირველმა ფილმმა “ბაბუს მევალე” მოიგო პრიზი “Award of Merit” კალიფორნიის საერთაშორისო კინო ფესტივალზე! ვულოცავ მთელს შემოქმედებით ჯგუფს!”

რეჟისორმა ფილმი გივი სიხარულის ნოველის მიხედვით გადაიღო. მან სცენარზე ავტორთან ერთად იმუშავა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლიკა ქობულაძე, ცოტნე ნაკაშიძე, თავად ბექა სიხარულიძე და დონარა გვრიტიშვილი. მუსიკა ფილმისთვის კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ დაწერა.

ფილმში მოთხრობილია მატყუარა და აფერისტ ადამიანზე, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებში მიდის, მათ მეგობრებად ასაღებს თავს და ჭირისუფლებს უცხადებს, რომ მიცვალებულს მისი ვალი ჰქონდა.

ბექა სიხარულიძე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის მსახიობი და რეჟისორია. მან ამ ხნის განმავლობაში გასულ წელს პირველად მიიღო მთავარი როლი ჰოლივუდში და ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში ითამაშა. “ბაბუს მევალე” კი მისი სადებიუტო ფილმია რეჟისურაში, რომელმაც ქართველ რეჟისორს წარმატება მოუტანა.