9 მარტი, 2015

ქართულ დამწერლობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

anbani6ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეს ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ სასტუმრო „რედისონში“ 2015 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე გააჟღერა:

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ – ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერით მომზადდება და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.”

ღონისძიებაზე მოწვეულ და მონაწილე დარგის სპეციალისტებს, ქვეყნის სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, საპატრიარქოსა და მედიის წარმომადგენლებს, კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები და მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი ის ღონისძიებები გააცნეს, რომელიც ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის განვითარების მიზნით, 2015 წელს განხორციელდება.

ნიკა ანთიძის ხელმძღვანელობით, გასული სამი თვის განმავლობაში შემუშავდა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის 2015 წლის სამოქმედო პროგრამა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის შემუშავებული სტრატეგიული მიმართულებების სრული დაცვით განხორციელდება.

წლევანდელი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებია:

ისტორიული დასახლებების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო კოლექციების, არამატერიალური მემკვიდრეობი ნიმუშების ინვენატარიზაცია დოკუმენტირება, პასპორტიზაცია, ფოტოფიქსაცია, კატალოგიზაცია.

არქიტექტურული კომპლექსების, ცალეკული ძეგლებისა და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა.

კედლის მხატვრობის კვლევა, დიაგნოსტიკა, კონსერვაცია, არქეოლოგია, კვლევა, კონსერვაცია.

არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენა და განვითარება.

გეოსაინფორმაციო სისტემების შექმნა და განვითარება, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობისთვის ახალი ნომინაციების მომზადება, საგანმანათლებლო და საგამომცემლო პროგრამები.

კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით წელს პროგრამის მთავარი პრიორიტეტული პროექტებია:
ინვენტარიზაცია – გერმანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია საქართველოში;

პროექტირება – დადიანების ბოტანიკური ბაღისა და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა;

რესტავრაცია – კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული სქურის ტაძრის სრულად აღდგენა;

არქეოლოგია – გრაკლიანის – გზის პირა არქეოლოგირუი ძეგლის კონსერვაცია და ადგილზე ღია ცის ქვეშ მუზეუმის მოწყობა;

კედლის მხატვრობა – დოდოს რქის ახლადგამოვლენიი ტაძრისა და კედლის მხატვრობის გამაგრება.

მუზეუმების განვითარების მიმართულებით წელს დაიწყება ნიკო დადიანის სასახლის, ნიკო ნიკოლოძისა და მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია.