15 მარტი, 2015

პინოქიო თოჯინების თეატრშია

toj7თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 15 მარტს თავის პატარა მაყურებელს პრემიერას შესთავაზებს.

რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი წარმოადგენს კარლო კოლოდის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „პინოქიო“.

ინსცენირების ავტორი დავით მაცხონაშვილია, დამდგმელი მხატვარი ვახტანგ ქორიძე, კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი, ტექნიკური რეჟისორი თამარ მედოევი.

ეს ამბავი იტალიის ერთ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქალაქში დაიწყო. საღამო ხანი იყო. მარტოხელა მოხუცი ბატონი ჯეპეტო თავის დაცარიელებულ ღარიბულ ბინაში დაბორიალებდა. მერე ინსტრუმენტები მოიმარჯვა და ხის ნაჭრისაგან პატარა ბიჭუნა გამოკვეთა.…

დიახ, ეს პინოქიოს თავგადასავალია – ფერადი, მუსიკალური, თბილი ამბავი უდარდელი, გულუბრყვილო ბიჭუნას შესახებ, რომელიც უამრავ ხიფათს გადაეყრება, მაგრამ ერთგული ჭრიჭინას დახმარებით უვნებელი დააღწევს თავს საფრთხეს.