27 მარტი, 2015

მურმანსკის მსახიობები თბილისში ჩამოვიდნენ

m2მურმანსკის საბავშვო თეატრალურმა სკოლამ თბილისში გასტროლები დაგეგმა და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ქალები კაცების გარეშე. სულ ეს არის“ გაითამაშა. სპექტაკლი დადგმულია ფედერიკო გარსია ლორკას პიესის „ბერნარდა ალბას სახლის“ მიხედვით, რეჟისორი რუსეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი ელენა კრინჟინაა.

მურმანსკის საბავშვო თეატრალური სკოლის დელეგაცია თბილისში 30 მარტის ჩათვლით დარჩება. მათი მასპინძელი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბია“. პროექტის მიზანია, კულტურული გაცვლა და შემოქმედებითი დიალოგი თბილისის და მურმანსკის ახალგაზრდებს შორის. მურმანსკის საბავშვო თეატრალური სკოლა 19 წლის წინ დაარსდა. მასში 700-მდე ყმაწვილი სწავლობს 3-დან 20 წლამდე. არსებობის მანძილზე სკოლამ გამოუშვა ასობით მსახიობი, თეატრის კრიტიკოსი, თეატრის ტექნიკოსი.

სტუმრები დაესწრებიან გრიბოედოვის თეატრის მონოსპექტაკლს „კასტინგი“, შეხვდებიან საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიბოედოვის თეატრის სამიზნე ჯგუფის სტუდენტებს და ყმაწვილი მსახიობის თეატრ-სტუდია „ზოლოტოე კრილცოს“ მოსწავლეებს, მოინახულებენ თბილისს და საქართველოს რეგიონებს.