Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოსკოვის თეატრი თბილისში ჩამოდის

fomenko518-დან 22 აპრილის ჩათვლით პირველად საქართველოში მოსკოვის თეატრის „პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლები გაიმართება.

დასი სპექტაკლებს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს. თბილისელი მაყურებლისთვის მსახიობები პეტრე ფომენკოს დადგმებს „მგლები და ცხვრები“ და „ოჯახური ბედნიერება“ გაითამაშებენ. სპექტაკლი „მგლები და ცხვრები“, რომელიც ოსტროვსკის პიესის მიხედვით არის დადგმული, თეატრის სავიზიტო ბარათია. ის 23 წლის წინ დაიდგა ფომენკოს სტუდენტების მონაწილეობით და დღემდე წარმატებით გადის თეატრის რეპერტუარში. სპექტაკლი „ოჯახური ბედნიერება“ ტოლსტოის რომანის მიხედვით არის განხორციელებული. ეს წარმოდგენა დაჯილდოვდა თეატრალური პრემიით „თოლია“ ნომინაციაში „Some like it hot“ (ქსენია კუტეპოვას და ილია ლუბიმოვის დუეტი), ხოლო ქსენია კუტეპოვამ მიიღო სტანისლავსკის პრემია ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი“.

„პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლების მსვლელობისას გრიბოედოვის თეატრის ფოიეში გაიმართება გამოფენა, მიძღვნილი პეტრე ფომენკოს შემოქმედებისადმი და თეატრის 20 წლის იუბილესადმი. ექსპონატთა შორის საგულისხმოა სტენდი, რომელიც მოგვითხრობს იმ ორ სპექტაკლზე, რომლებიც ფომენკომ გრიბოედოვის თეატრში მუშაობის პერიოდში შექმნა. ეს არის კატაევის „ყვავილების გზა“ და კაუგვერის „შენი კუნძული“.

პეტრე ფომენკო რეჟისორი, პედაგოგი, რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრის „პეტრე ფომერნკოს სახელოსნოს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ის მუშაობდა ლენინგრადის აკიმოვის სახელობის კომედიის თეატრში, მაიაკოვსკის, ვახტანგოვის, მოსსოვეტის თეატრებში, ასევე „სატირიკონში“. მან დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა გიტისში. მისი მოწაფეები არიან ცნობილი რეჟისორები. მოგვიანებით პეტრე ფომეკოს სამსახიობო-სარეჟისრო ჯგუფს გიტისში თეატრის სტატუსი მიენიჭა. „პეტრე ფომენკოს სახელოსნო“ არის თეატრი, სადაც ძიებისა და ექსპერიმენტებისაკენ სწრაფვა შერწყმულია რუსული სარეპერტუარო თეატრის ტრადიციებთან. სხვადასხვა წლებში თეატრმა მიიღო მონაწილეობა მრავალ რუსულ და საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, მისი სპექტაკლები ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ფორუმების არაერთგზის ლაურეატია. პეტრე ფომენკოს გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი და პედაგოგი, „სახელოსნოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი ევგენი კამენკოვიჩი.

„პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ მიერ თბილისში წარმოდგენილ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების ფასი 10-დან 30 ლარამდეა.