ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადასარჩენად ერთიანდებიან. ისინი სპორტის სასახლეში გრანდიოზულ კონცერტს ჩაატარებენ და 10 ლარად გაყიდული ბილეთებით მისი ოპერაციისთვის საჭირო თანხას შეაგროვებენ.
33ა, გამოუვალი მდგომარეობა, ლაუდსპიკერსი, ფრანი, მგზავრები, რობი კუხიანიძე (აუთსაიდერი), რეგიონი, ნიკოლშოუ, გუფი ლენდი, დათო ხუჯაძე, ზურა ხაჩიძე, გიო ხუციშვილი და ბიჭები, ბაკურ ბურდული და სხვა ცნობილი მომღერლები 12 მარტს სიცოცხლის გადასარჩენად და სიკეთისთვის გაერთიანდებიან.
ნიკუშა ნატროშვილს, რომელსაც მეუღლე და 3 წლის ქალიშვილი ჰყავს, საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება და ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის შეგროვებაა საჭირო. ახალგაზრდა უკვე 8 თვეა ებრძვის სიკვდილს, 23 ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა თანდათან მაინც დამძიმდა.
და მაშინ, როცა ყველა წამყვანმა კლინიკამ საზღვარგარეთ უარი განაცხადა მის მკურნალობაზე და ყველანაირი იმედი გადაიწურა, ერთ-ერთმა ამერიკულმა კლინიკამ თანხმობა განაცხადა ნიკუშას მიღებაზე და მისთვის ოპერაციის ჩატარებაზე, ამიტომაც სოლიდური თანხის შეგროვება ნიკუშასთვის მეგობრებთან ერთად უკვე მომღერლებმაც დაიწყეს და პირველი ერთობლივი კონცერტი სპორტის სასახლეში დაგეგმეს.