4 მარტი, 2015

მეუფე თადეოზის ჩანაწერები დისკად გამოიცა

meufe-tadeozi5554 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) აუდიო დისკის წარდგინება, რომელიც მეუფემ გარდაცვალებამდე 3 კვირით ადრე ჩაწერა სტუდიაში. მეუფე 2015 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა.

დისკში შესულია მეუფის ლექსები და კომენტარები, რომელსაც თავად აკეთებს მის მიერვე წაკითხულ ლექსებზე. დისკი უნიკალურია, რადგან არის უკანასკნელი აუდიო ჩანაწერი მეუფე თადეოზის, რომელიც სტუდიურად დამუშავდა. პროექტის ავტორია ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელი“ (მარინა ხარხელაური, გიორგი ფარეშიშვილი). ხმის რეჟისორია მიხეილ კოჩაძე.

საღამოზე მეუფე თადეოზს გაიხსენებენ ოჯახის წევრები, მეგობრები, ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. შესრულდება მეუფის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. მსურველებს შეეძლებათ აუდიო დისკის შეძენა, რომელიც მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და შეზღუდული ტირაჟით გამოიცა.

შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო ღონისძიებებს მეუფის სულის მოსახსენებლად. აუდიოდისკის წარდგინებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.