4 მარტი, 2015

,,მანდარინებს” წითელი ხალიჩა მეორედ გაუფინეს

oskar64ზაზა ურუშაძის ფილმს “მანდარინები” წითელი ხალიჩა მეორედ გაუფინეს. ოსკარების 87-ე დაჯილდოების ცერემონიალზე მყოფმა ქართველებმა ყველაზე ამაღელვებელი გზა კიდევ ერთხელ გაიარეს. წითელი ხალიჩის გაყოლებაზე გამოიფინა ფოტოები, რომელიც ქართველების ოსკარზე ვიზიტს ასახავს.

ხელოვნების სასახლემ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად ოსკარზე ნომინირებული ფილმის “მანდარინების” ქართველ მსახიობებს უმასპინძლა. ფილმის შემოქმედებით ჯგუფს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს და სპეციალური ღონისძიება მიუძღვნეს. სასახლის ეზოში დაგებულ წითელ ხალიჩაზე გაიარეს ფილმის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ და მსახიობმა მიშა მესხმა.

ხელოვნების სასახლეში გაიმართა პრესკონფერენცია და მოეწყო ფოტოგამოფენა. ზაზა ურუშაძემ და მიშა მესხმა აუდიტორიას დოლბის თეატრში ოსკარების დაჯილდოების 87-ე ცერემონილაზე მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს. სტუმრებს მიღების ორგანიზატორებმა სპეციალური ტორტიც დაახვედრეს ოსკარებისკენ მიმავალი წითელი ხალიჩით და საოცნებო ოქროს ბიჭით.