Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯაყო მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება

jako8მარჯანიშვილის თეატრში მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყო ბრუნდება. თემურ ჩხეიძის შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის უკვდავ ნაწარმოებს ახალგაზრდა რეჟისორი სანდრო ელოშვილი დაუბრენდა. 10 და 11 მარტს თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “ჯაყო – ხვალ ომი იქნება…”, რომლის მხატვარიც იკა ავალიანია, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, ქორეოგრაფი კი გია მარღანია.

სპექტაკლში ნაწარმოების ავტორი მიხეილ ჯავახიშვილიც ცოცხლდება და მის როლს ვალერი კორშია ასრულებს. საპრემიერო წარმოდგენაში ასევე მონაწილეობენ ბექა გოდერძიშვილი (ჯაყო), ნიკა კუჭავა (თეიმურაზი), ნინო გაჩეჩილაძე (მარგო), ზურა ბერიკაშვილი (ქეშელა), ონისე ონიანი (გიბო), ნინო წულაძე (პელო), ნოდარ დოღონაძე (ჭაპიტონი), მაკა შალიკაშვილი (ნაზი), პაატა ინაური (ნინიკა), ზაზა იაქაშვილი (დავითი), ალექსი გეწაძე (მღვდელი ივანე), გვანცა კორშია (გვანცა, მღვდლის შვილი), ზაზა გოგუაძე (პატრიარქი ამბროსი ხელაია) და თეატრულრი უნივერსიტეტის სტუდენტები.

“მერამდენედ ვკითხულობ „ჯაყოს ხიზნებს“, აი ახლაც პრემიერამდე ცოტა დრო რჩება და მექანიკურად კიდევ ერთხელ ვათვალიერებ, ამას კითხვაც არ ჰქვია. ყველაფერი მეცნობა, არა იმიტომ რომ მოხიბლული ვარ მისით, პირიქით – მძულს კიდევაც. მეცნობა იმიტომ რომ ეს ჩემი ისტორიაა, არა ცხოვრების, არა ნანახის და გაგონილის, ჩემი ფიქრების ისტორიაა, როგორ იბადება ჩემში აზრები ცხოველური, როგორ ვემსგავსები ჯაყოს, მერე როგორ მეშინია, როგორ არ ვიმჩნევ, როგორ ვხუჭავ თვალებს ისე როგორც თეიმურაზი… და როგორ ვრჩები მარტო, როგორც მარგო… ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“, ამბობს ჯავახიშვილი, მე მას ვეთანხმები და ვხვდები რომ ეს არაა მე და მისი ინტიმური საიდუმლო, ეს ხომ თითოეული ჩვენთაგანის ტკივილია. როდესაც ვფიქრობდი, რატომ უნდა დამედგა „ჯაყოს ხიზნები“, ქართული ლიტერატურის ძეგლი, მაშინ როდესაც ის უკვე დადგმულია და დადგმულია საუკეთესოდ, ვერაფერი მოვიფიქრე და მაინც დავდგი. რატომ იქნება ხვალ ომი? გინდა მშვიდობა? ემზადე ომისთვის! ეს არის ერის ორი ცოცხალი ორგანიზმი – ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი, მოინტელექტო თეიმურაზი და ბნელი სულისა და მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო! „განათლებული“ უმოქმედობისა და „გაუნათლებელი“ მოქმედების დაპირისპირება! სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და გარდაქმნის რთული ეპოქა!” – ამბობს რეჟისორი.