Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯანსუღ ჩარკვიანი: ,,დაგვიბრუნეთ ისტორიული ნავსაყუდელი!”

j4პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც მწერალთა კავშირის საპატიო თავმჯდომარეა, ქართველი მწერლების სახელით საქართველოს პრემიერ მინისტრს ღია განცხადებით მიმართავს:

“თანამედროვე ქართულმა მწერლობამ, საზოგადოებისა არ იყოს, ჯოჯოხეთი გამოიარა. 9-წლიან რეჟიმზე ლაპარაკი აღარ ღირს – ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად ვიცით, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: სააკაშვილს ქართული მწერლობა სძულდა! ამიტომაც, ჩვენ, ქართველ მწერლებს მხოლოდ “ჩარეცხილებს” კი არ გვეძახდა, არამედ, მწერალთა სახლიც წაგვართვა. არადა, შენობა, რომელიც 1905 წელს, დიდმა ქართველმა მეცენატმა, დავით სარაჯიშვილმა ააშენა, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ქართველი მწერლების საკუთრება იყო.

1911 წელს, დავითის გარდაცვალების შემდეგ, გაზეთ „ივერიაში“ შემდეგი ცნობა გამოქვეყნდა:

„განსვენებულს განუცხადებია სურვილი, რომ მისი სახლი სერგიევის ქუჩაზე (ახლანდელი მაჩაბლის ქუჩა – ჯ.ჩ.), სადაც ის მუდამ ცხოვრობდა, გადაეცეს ქალაქის თვითმმართველობას თავისი მშვენიერი მოწყობილობით იმ პირობით, რომ ამ სახლში ქალაქმა მოაწყოს ან სამხატვრო გალერეა ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ანდა ორივე დაწესებულება ერთად. ეს შეწირულობა უდრის ნახევარმილიონამდე, ადგილი და სახლი ღირს 300 000 მანეთი, მოწყობილობა კი 100000 მანეთზე მეტი”.

1912 წელს, სარაჯიშვილის სახლი აკაკი ხოშტარიამ შეიძინა და იქ 1918-21 წლებში ცხოვრობდა, რის შემდეგაც შენობა მწერლებსა და ხელოვანებს გადაეცათ.

მწერლობა ის საძირკველია, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ამიტომაც, ვფიქრობ, სამართლიანობის აღდგენა და წართმეული ქონების დაბრუნება სწორედ მწერლებისთვის მწერალთა სახლის დაბრუნებით უნდა დაიწყოს!

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ორი დღის წინ, ტელევიზიით ვნახე, მთავარ პროკურატურაში შექმნილი იმ ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციას ესწრებოდით, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებებს შეისწავლის. ამ ქვეყანაზე ვერავინ იტყვის, რომ მწერლებმა დანაშაული ჩავიდინეთ და სახლი ამიტომ წაგვართვეს. დანაშაული იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა, რომელიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით მართავდა.

ხელისუფლების შეცვლის მერე, მწერალთა სახლის თავისი ისტორიული მფლობელისთვის – მწერლობისთვის დაბრუნების საკითხი თითქოს დაისვა, დაგვპირდნენ კიდეც, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდებოდა, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. არადა, მწერლებისთვის, რომელთა არცთუ მცირე ნაწილი, პრაქტიკულად, სიღარიბის პირასაა, ეს სახლი ერთადერთი იმედი და ნუგეშია!

ბატონო პრემიერო, ბატონო მთავარო პროკურორო, ჩვენ, ქართველ მწერლებს გვჯერა, რომ გამოიჩენთ გულისხმიერებას და ჩვენს ისტორიულ ნავსაყუდელს დაგვიბრუნებთ!

ჯანსუღ ჩარკვიანი,

მწერალთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე”