28 მარტი, 2015

გრიბოედოვის თეატრი რუსეთში წავიდა

97_big8ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი რუსეთში წავიდა. 29 მარტს თეატრის დასის სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ სარანსკში რუსული დრამატული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს გახსნის. ფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში ჩართულები არიან ბელორუსის, სომხეთის და ყაზახეთის თეატრები.

„ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. ეს არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, მხატვარი მირიან შველიძე. გრიბოედოვის თეატრი ამ სპექტაკლს გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს უძღვნის.

2013 წელს სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“. სპექტაკლში მონაწილეობენ აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა არუთინიანი-ნიკოლავა, ნინა კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ანასტასია გარმატიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია, მერაბ ქუსიკაშვილი და სოფიო ლომჯარია.

გრიბოედოვის თეატრის გასტროლები მორდოვიის დედაქალაქ სარანსკში გახდება კიდევ ერთი პუნქტი გრიბოედოვის თეატრის საიუბილეო მარათონში, რომელმაც უკვე მოიცვა მოსკოვი, ჩერკასი, სტამბული, მახაჩკალა, ერევანი და ბაქო. 2015 წლის ოქტომბერში გრიბოედოვის თეატრი 170 წლის იუბილეს აღნიშნავს.