29 მარტი, 2015

გიული ჩოხელი ხელოვნების ქურუმია

giuli2პირველი ქართველი ჯაზმომღერალი გიული ჩოხელი ხელოვნების ქურუმით დააჯილდოვეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიული ჩოხელს სამინისტროს სპეციალური ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” გადასცა.

გიული ჩოხელი გახლდათ პირველი ქართველი ჯაზის მომღერალი, რომელმაც შესრულების თამამი და დახვეწილი მანერით, გასული საუკუნის 50–60–იან წლებში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა საბჭოთა კავშირის ე.წ. კომერციულ მუსიკალურ სამყაროში. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჯაზურ კომპოზიციებთან ერთად გიული ჩოხელი პირველი შემსრულებელია არა ერთ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერისა.

ჯაზმომღერალს სოლო პროგრამით ბევრი საგასტროლო ტურნე აქვს გამართული ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქალაქებში. სხვადასხვა დროს იგი თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან და ორკესტრებთან. 1953 წლიდან გიული ჩოხელი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1963 წელს მან თავის მეუღლესთან, ცნობილ ჯაზ–პიანისტთან და კომპოზიტორთან ბორის რიჩკოვთან ერთად ფილარმონიაში ჩამოაყალიბა ბიგბენდი “ჩანგი“, სადაც მიწვეულნი იყვნენ ცნობილი უცხოელი ჯაზის მუსიკოსები.

განსაკუთრებული აღიარება მომღერალს მოუტანა სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალმა 1967 წელს, სადაც მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის იგი გახდა „გრან–პრის“ მფლობელი და გიული ჩოხელი ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შეიყვანეს. ამავე წელს გიული ჩოხელი მიწვეულ იქნა ტალინის ჯაზ–ფესტივალზე, სადაც მოიპოვა ლაურეატის წოდება. მომღერალს მონაწილეობა აქვს მიღებული აგრეთვე თბილისის,მოსკოვისა და პრაღის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალებზე.

1995 წელს გიული ჩოხელი მიიწვიეს აშშ–ში, „კარნეგი–ჰოლში“ სტუმრის სტატუსით, როგორც პირველი ქართველი ჯაზის მომღერალი, სადაც დააჯილდოვეს ცნობილი ჯაზ–კომენტატორის უილის ქანოვერის მიკროფონით. ჟურნალმა „დიდმა ვაშინგტონმა“გიული ჩოხელს გადასცა ჯილდო მე–20 საუკუნის მსოფლიო ჯაზის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის. აშშ –ს ფირმა „ინტერპრაისისმა“ გამოსცა გიული ჩოხელის ფირფიტა „მუდამ იქნება მუსიკა“.

გიული ჩოხელზე გადაღებულია ფილმები: „მღერის გიული ჩოხელი“, რეჟისორი ზაალ კაკაბაძე, „ყვითელი ჩიტი“, სცენარის ავტორი გიული ჩოხელი და „ეს იყო სიზმარი“ რეჟისორი ლევან კიტია.

მომღერლის საიუბილეო კონცერტი თბილისის ივენთჰოლში გაიმართა და შესრულდა სიმღერები გიული ჩოხელის რეპერტუარიდან. კომპოზიციების ახლებური ვერსიების ავტორი, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილია. კონცეტრში მონაწილეობდნენ გიული ჩოხელი, გულიკო ჭანტურია, მერაბ სეფაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, დათო გომართელი, სოფო გელოვანი, სოფო ბედია, მარიკო ებრალიძე, ლევან მასპინძელაშვილი, თიკო ანდღულაძე, ელენე კალანდაძე, ანსამბლი ,,დიელო“, თეატრალურის კვარტეტი და დავით მაზანაშვილის ორკესტრი.

საიუბილეო ღონისძიების დასასრულს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიული ჩოხელის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.