24 მარტი, 2015

გია ბუღაძე საპროტესტო აქციას გამართავს

ggg5მხატვარი გია ბუღაძე “ბაია გალერეაში” გამოფენას გახსნის, რომელსაც საპროტესტო აქციის სახე ექნება. ექსპოზიციას “ფსევდომემორია” ეწოდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი ობიექტი გზავნილით „აქ არ ცხოვრობს გია ბუღაძე“. ექსპოზიცია თავისი ფორმატით ობიექტით პერფომირებას და აქციის სახეს ითავსებს. გამოფენის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი საღამოა.

ცრუ ფასეულობები, სიყალბე, მოჩვენებითი ღირსება და, რაც მთავარია, გულგრილი მახსოვრობა, გამოხატული უგემოვმოდ, პროვინციულად, “კიჩურად”, სწორედ ესაა ძირითადი თემა ობიექტის “ფსევდომემორია”.

ეს არის “კიჩიზაცია კიჩისა”, რომელიც საშუალებას გვაძლევს ირონიული დისტანცირებით დავშორდეთ კონკრეტულ პროფანირებულ ტრადიციას, რამდენადმე მაინც გავიცნობიეროთ “მახინჯი” გამოცდილება, თვითკრიტიკული არტისტული მეთოდისა და თვითირონიული სტრატეგიის გამოყენებით.

ობიექტში “ფსევდომემორია” არაფერია ტყუილი და იმიტიტებული, გარდა შინაარსისა. თვით მასალა – შავი გრანიტი, ბრინჯაოს რელიეფი, ნიკელის წარწერა – რომლითაცაა შესრულებული ეს ობიექტი, სრულად რეალურია, ნასახსაც კი არ შეიცავს თეატრალებული დეკორაციის ბუტაფორიულობისა. ეს არ არის სიმულაციურია მხოლოდ შინაარსი აქ სიმულირებულია თავად წარსულიც კი, რადგან ობიექტის წარწერაწარსულზე კი არ მიუთითებს, როგორც ტრადიციულ მემორიალურ დაფებზე გვხვდება ხოლმე, არამედ ააქტუალურებს აწმყოს.

არაიმიტირებული მედიუმისა და სიმულაციური შინაარსის ერთობლიობა ბადებს იმ პარადოქსს, რომელიც არტისტული გზავნილის ძირითადი იდეაა.

იმიტაციური პატივი და ღირსება, სიმულაციური მახსოვრობა, გადმოცემული რეალური მედიუმით, ესაა ფსევდომემორიის ძირითადი გზავნილი იმ სოციუმის მიმართ, რომელიც ამ ტიპის ფსევდო მეხსიერებაში ცხოვრობს.