24 მარტი, 2015

,,გამოუვალი მდგომარეობა’’ ალბომს გამოსცემს

gamo78ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია. ეთერში პირველივე გასული სიმღერიდან ჯგუფმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაჩნდა ლაივების მოთხოვნა და ერთი წლის შემდეგ სერიალის ბენდი გაცოცხლდა.

ჯგუფი ასრულებს ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს. ჯგუფმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა და გამოირჩევა ორიგინალური ტექსტებით. ჯგუფის რეპერტუარში რამოდენიმე საკუთარი სიმღერაც შედის. ჯგუფის პოპულარობა საკმაოდ დათვლადია – 105.000 ლაიქი ფეისბუქის გვერდზე, მილიონ ნახევარზე მეტი მოსმენა სიმღერა “შემოდგომას” და სხვა კომპოზიციების ხუთ მილიონამდე ნახვა იუთუბზე.

ჯგუფის წევრები არიან ვანიკო თარხნიშვილი (ვოკალი), დავით გაბუნია (ვოკალი, გიტარა), პაპუნა ჟამიერაშვილი (დრამი), ოთო ხმალაძე (კლავიში), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი), შოთარი დარახველიძე (გიტარა), გიორგი გაბრიელაშვილი (საყვირი). ბენდის წევრებისთვის აღნიშნული CD ალბომი პირველია და მისი კონცეფციის შემუშავებისას ინსპირაციად იქცა Coca-Cola-ს გლობალური კამპანია “Kiss Happiness“ – „აკოცე ბედნიერებას“, რომლის მთავარი არსი საფუძვლად დაედო CD ალბომის გამხსნელ სიმღერას “პირველ კოცნას” და მთლიანად ალბომს. ეს არის კამპანია, რომელიც Coca-Cola-ს კონტურული ბოთლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და გამოხატავს ჩოცა-ჩოლა-ს ბოთლიდან დალევისას ბედნიერების შეგრძნებას – თითქოს კოცნი მას, ვინც მოგწონს და გიყვარს ან უბრალოდ გსურს ყურადღება, სითბო, პატივისცემა და კეთილგანწყობა გამოხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძვირფასი და ახლობელია. ბენდის წევრები მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეს დღეს საქართველოში ხალხს ძალიან აკლია.

აღნიშნული სიმღერის გარდა ალბომში შედის 7 ქართული პოპულარული სიმღერის ახალი, საპრემიერო ქავერი და 3 მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ძველი ჰიტი. ალბომზე ხელისმოწერის ცერემონიალი ბენდის ფანებისათვის და CD ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი მაისში გაიმართება.