Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელისო ბოლქვაძე საუკეთესოებს ეძებს

eliso7მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე საუკეთესო პიანისტებს ეძებს. კულტურის სამინისტროში გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ნორჩ მოსწავლეთა კონცერტი და მასში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა პიანისტებმა, მათ შორის იყო ორი ქართველი ვირტუოზი ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე, რომლებიც უკვე ორი წელია მიშელ სონის საერთაშორისო ფონდის “SOS Talents”-ის სტიპენდიანტები არიან.

კონცერტს იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე დაესწრო. პიანისტმა იმ ნორჩ ხელოვანებს მოუსმინა, რომლებიც შესაძლოა შემდგომში სწორედ ფონდ “SOS Talents“-ის სტიპენდიანტები გახდნენ. კონცერტს დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც.

ფონდი „SOS Talents“ რამდენიმე წლის წინ ცნობილმა მუსიკოსმა და პედაგოგმა მიშელ სონიმ დააარსა. ფონდის ძირითადი იდეაა ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტთა ხელშეწყობა საერთაშორისო სცენაზე დასამკვიდრებლად და მათი მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ამჟამად ფონდში ირიცხება 12 წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრი მათგანი კი ამავე ფონდის სტიპენდიანტია.

„SOS Talents“-ის ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძეა. უკვე რამდენიმე წელია, ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს საერთაშორისო ფონდის „SOS Talents – Michel Sogny” მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნიჭი ფართო საზოგადოების წინაშე ევროპის სხვადასხვა ქალაქში წარმოაჩინონ. მიშელ სონისა და „SOS Talents“-ის სახელს უკავშირდება ისეთი წარმატებული ქართველი პიანიტსების სახელები, როგორიცაა ხატია ბუნიათიშვილი, თამარ და ნათია ბერაიები, ანა გოგავა, ანა ყიფიანი, შალვა გვენეტაძე, თედო დიაკონიძე.