31 მარტი, 2015

ავთო ვარსიმაშვილი: ,,ყველას მიწაში ჩავდებთ!’’

1varsimaვის მიწაში ჩადებას აპირებს თავისუფალი თეატრის დამაარსებელი ავთო ვარსიმაშვილი? მან ასეთი მკაცრი განცხადება თავისუფალი თეატრის მე-14 დაბადების დღეზე გააკეთა:

“დღეს 31 მარტს „თავისუფალი თეატრი“ 14 წლის გახდა.

ჩვენზე ბევრს ლაპარაკობენ. ხან რას იძახიან და ხან რას, კარგსაც, ცუდსაც, ტყუილსაც, მართალსაც. მარტო ერთ რამეში თანხმდება ყველა. მეგობრებიც და არამეგობრებიც, რომ ჩვენ მთელი 14 წლის მანძილზე მუდმივად გვყავს მაყურებელი, ამაზე არავინ კამათობს და ეს მართლაც ასეა. თუ კი რამე მეამაყება ჩემს დაარსებულ თეატრში, ეს ჩვენი მაყურებელია, რომელიც 14 წელი ჩვენს გვერდითაა. ესაა ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება და ვიცი რომ სწორედ ესაა სხვებისთვის გაბრაზების მიზეზიც. რადგან როდესაც თეატრი, რომელიც 1 თეთრს არ იღებს სახელმწიფოდან, თავის 120 კაციან დარბაზში წლის მანძილზე უფრო მეტ მაყურებელს ღებულობს, ვიდრე რამოდენიმე მილიონიანი ბიუჯეტის მქონე თეატრი თავის ბევრი დარბაზებით, ძნელია არ გაბრაზდე.

დღეს თეატრის კოლექტივი ტრადიციულად შევიკრიბებით და გავიხსენებთ… აბა სხვა რა მოგვეთხოვება დაბადების დღეზე. წავიკითხავთ მეგობრების მოლოცვებს. ადრე მარტო ქართველებისგან ვღებულობდით მოლოცვებს, ეხლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ვიღებთ. ჩვენ ვაფასებთ ყველა ჩვენს მეგობარს, ჩვენს კოლეგას, რომელსაც უყვარს ჩვენი თეატრი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა.

ვიცი წინასწარ, დღეს გავიხსენებთ კურიოზებს, გავიხსენებთ გასტროლებს, გავიხსენებთ ჩვენს უდიდეს ტკივილს ნიკუშა გომელაურს და მიშა ჯოჯუას.

ამ 14 წლის მანძილზე სამი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მთავრობა გამოვიცვალეთ, კი ვთქვი განსხვავებულიო, მაგრამ სამივეს ერთი საერთო მაინც ჰქონდა. ყველა, ვიმეორებ, ყველა! მხოლოდ გვპირდებოდა დახმარებას და საქმით კი არაფერს გვიკეთებდა. ამიტომ დღეს დავსხდებით და სცენიდანაც და სუფრაზეც ამ 14 წლის მანძილზე რაც კი ხელისუფლება იყო ყველას მიწაში ჩავდებთ. ისე, დღეს, ჩვენს დაბადების დღეზე უნდა ვაღიარო, რომ მთავრობის ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ სტიმულს გვაძლევდა და იბადებოდა ისეთი სპექტაკლები როგორიცაა: „კომედიანტები“, „ჯინსების თაობა”, ”პროვოკაცია“. ბევრს ალბათ ახსოვს „პროვოკაციაში“ პირდაპირ ვიძახდით სახელებსა და გვარებს, მთელი სია გვქონდა იმ ხალხის ვინც უნდა გადამდგარიყო. ისე აგიხდეთ ყველაფერი მათ რომ აუხდათ ჩვენი ნათქვამი. შემდგომმა მთავრობამ მოგვცა სტიმული დაგვედგა „ძმები“, „იდიოტოკრატია“, „კავკასიური ცარცის წრე“, „მექანიკური ფორთოხალი“, გადაგვეღო ფილმები, მათ შორის „ყველაფერი კარგად იქნება“, ამათზე არ შევჩერდები, ბევრს გაქვთ ნანახი. ერთს ვიტყვი მარტო, თვითონ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს ყურადღებით, რომ ენახათ ჩვენი სპექტაკლები, იქნებ ასეთ დღეში არ ჩაცვენილიყვნენ.

ვიცი, ეხლა რაც გინდათ მკითხოთ, ეხლა რას ვაკეთებთ? ნამდვილად არ დაგიმალავთ, გეტყვით, სულ მალე, „თავისუფალი თეატრი“ წარმოგიდგენთ თავის ახალ სპექტაკლს „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“. სათაურითვე ალბათ ხვდებით რაზე იქნება ეს სპექტაკლი, პრემიერამდე კიდევ ერთი თვეა და პირობას გაძლევთ, ამ ერთ თვეში ყველაფერ ნანახსა და შეგრძნებულსაც გამოვიყენებ სპექტაკლში. ჩვენო ძვირფასო მაყურებელო როგორც ყოველთვის მოუთმენლად გელით ჩვენს პრემიერაზე.

14 წლის წინ, 2001 წლის 31 მარტს, ძალიან ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ თეატრი გაუძლებდა და ერთი წლის მერე არ დაიხურებოდა. ჩვენ არა მარტო არ დავიხურეთ, ჩვენ გავხდით ქართული თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ჩემს საყვარელ მაყურებელს, მსახიობებს, რეჟისორებს, ჩვენს გულშემატკივრებს ვულოცავ „თავისუფალი თეატრის“ დაბადების დღეს. წინ საიუბილეო მე 15 წელია.”