3 მარტი, 2015

ანჩისხატის გუნდი: ,,ზურგი გვაქციეს”

anchisxati777ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრები ლევან ვეშაპიძე და დავით ზათიაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და გუნდის მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე კომპეტენტური პირებისგან პასუხების მიღებას ითხოვენ.

ლევან ვეშაპიძე:

“ზუსტად 4 წლის წინ, 2011 წლის 10 მარტს გუნდმა თხოვნით მიმართა საქართველოს ეკლესიას, რათა გამოეჩინათ გუნდის მიმართ ყურადღება და 25 წლის მოღვაწეობის შემდეგ გაეჩინათ გუნდისთვის მცირეოდენი სარჩო.

ასეთი დაპირება გუნდმა მიიღო, მითუმეტეს ამას დაერთო პატრიარქის კურთხევა და მისი პირდაპირი დავალება ერთ-ერთი იერარქის მიმართ.

მას შემდეგ წელიწადში 2-3-ჯერ გუნდი ღებულობს ამ დაპირებას, თუმცა სრულიად უშედეგოდ.

ასევე 2 წლის წინ გუნდმა თხოვნით მიმართა რამოდენიმე საზოგადო მოღვაწეს, ცნობილ კომპოზიტორს, რეჟისორს, მუსიკოსს და ა.შ. და ასევე საპატრიარქოს გალობის ცენტრის თავმჯდომარეს, რათა მათ ხელი მოეწერათ სარეკომენდაციო წერილზე (აღარ დავაკონკრეტებ ვის მიმართ იყო წერილი, უბრალოდ მასში აღწერილი იყო გუნდის 25 წლიანი მოღვაწეობა).

მინდა აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველამ მოაწერა ხელი ამ წერილს, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას მოვახსენებ, თუმცა გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ ერთადერთი, ვინც ზურგი გვაქცია, ეს იყო საპატრიარქოს გალობის ცენტრი.

ხელისმომწერთა სიაში, სწორედ ის იდგა პირველ ადგილზე, თუმცა მის გასწვრივ სამწუხაროდ ხელისმოწერა არ დაფიქსირდა.”

დავით ზათიაშვილი:

“ოცდაშვიდი წლის წინ რამდენომე ახლაგაზრდამ ანჩისხატის ეკლესიაში გალობა დაიწყო. სჯეროდათ, კარგ საქმეს ვაკეთებთო – ქართველები ქართულ გალობას ქართულ ეკლესიას ვუბრუნებთო. არ შეუშინდნენ სირთულეებს, მრევლისა და ზოგიერთი ღვთისმსახურის წინააღმდეგობას, რადგან იყო რწმენა – ეს თავად მათ, გუნდის წევრებს, მრევლს, ეკლესიას სჭირდება. რა თქმა უნდა ამაში გარკვეული ამბიციურობა იკითხება, მაგრამ ახალგაზრდებს ასეთი ამბიციები ახასისათებთ, ამის გარეშე არც არაფერი კეთდება. ამ წლების განმავლობაში კითხვა სჭირდება კია ვინმეს ეს საგალობლები მუდმივად იდგა გუნდის წინაშე. გუნდის პასუხი ყოველთვის ერთი იყო – უდაოდ სჭირდება, და არამცთუ სჭირდება, არამედ აუცილებელიც კი არის. დღეს გუნდი ეკლესიაში აღარ დგას და მე ამჯერად სხვისგან ველი ამ კითხვაზე პასუხს. სჭირდება საქართველოს ადამიანები, რომლებიც საქმის ერთგულნი არიან? სჭირდება ქართულ ეკლესიას მსახურები, რომლებსაც ბევრი განსაცდელის მიუხედავად მტკიცედ დგას ღვთის სამსახურში? შესაძლოა ვიღაცამ ეს მაღალფარდოვან რიტორიკად მიიჩნიოს, მაგრამ მე არც ამის მეშინია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ავად თუ კარგად ეს გუნდი თავის საქმეს აკეთებდა. დღეს, როდესაც გუნდს გაუჭირდა მის გვერდით არვიან აღმოჩნდა, ვისაც რეალური დახმარება შეუძლია. და უპირველეს ყოვლისა, მის გვერდით ეკლესია არ დგას. აქ მიჩნდება კითხვა, იქნებ ჩვენ შევცდით, როდესაც ვფიქრობდით, რომ ეკლესიითვის კარგ საქმეს ვაკეთებთ. რომ ეკლესიას სჭირდება გამოცოცხლება, ძველი სტერეოტიპებისგან განთავისუფლება. თუ ეს შეცდომაა, გამოდის რომ ეს შეცდომა ძვირად დაგვიჯდა: სიცოცხლის 27 წელი ფუჭად გაგვიტერებია. კარგი იქნებოდა ამ კითხვაზე პასუხი მიმეღო. მე არცერთი პასუხის არ მეშინია, მაგრამ, ვფიქრობ, პასუხი ამ კითხვას უნდა გაეცეს.”