29 მარტი, 2015

როგორ გადაარჩინა აკაკი ბაქრაძემ მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო’’?

akaki329 მარტს პუბლიცისტისა და ხელოვნებათმცოდნის აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა. მისი პუბლიცისტიკა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ქართულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით საინტერესოა მისი წერილები ქართულ კინოსა და თეატრზე.

სამწუხაროდ, ისეც ხდებოდა, რომ აკაკი ბაქრაძის წერილებს არ ბეჭდავდნენ.

“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ გადაარჩინა აკაკი ბაქრაძემ მიხეილ ჯავახიშვილის “თეთრი საყელო” და როგორ არ აქცია მან ეს გენიალური ნაწარმოები კინომაკულატურის ობიექტად.

რას იტყვით თქვენ, ქართველო მწერლებო და მკითხველებო?

საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის ამა წლის 25 თებერვლის ბრძანების თანახმად, კინოსტუდია “ქართული ფილმი” ვალდებულია “до 15 апреля с-г представитъ предложения по осуществлению постановки кино-филъма “Белый поротник” на основе имеющугося готового сценария” (სიზუსტის დაცვის მიზნით ციტატებს მოვიყვანთ დოკუმენტურ ენაზე).

ეს ბრძანება გვავალდებულებს ზოგიერთი არსებითი საკითხის გასარკვევად პრესასა და ჩვენს ლიტერატურულ საზოგადოებას მივმართო.

რა მოხდა?

დაახლოებით ორი წლის წინათ მიხეილ ჯავახიშვილის რომანის “თეთრი საყელოს” საეკრანიზაციოდ, კინოსტუდია “ქართული ფილმის” თხოვნით, მწერალმა გიორგი მდივანმა დაწერა სცენარი “თეთრი საყელო”.

ცოტა მოგვიანებით გიორგი მდივანმა სცენარს სათაური შეუცვალა და დაარქვა “Цена Жизни” (სცენარი დაწერილია რუსულად.) სასიტულო ფურცელზე კი ასეთი შენიშვნა გააკეთა: “В сценарий исполъзованы некоторые мотивы повести М Джавахишвили – “Белый поротник”.
კინოსტუდიას სცენარი “სიცოცხლის ფასი” შეძენილი აქვს, როგორც მზა და ადასაღებად ვარგისი კინონაწარმოები.

საკითხის ისტორიას ცოტად თუ ბევრად გავეცანით.

ახლა ისმის ორი კითხვა: 1. არის თუ არა გიორგი მდივანის სცენარი მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ეკრანიზაცია? 2. აქვს თუ არა სცენარისტს გამოყენებული რომანის ზოგიერთი მოტივი?
დასმუი კითხვების საპასუხოდ რომანი და სცენარი ერთმანეთს შევადაროთ.

სცენარის შინაარსი ასეთია:

ეს მოხდა ოქტომბრის რევოლუციამდე. მოსისხლემ მოკლა პატარკაცი წიკლაური, ვაჟიას მამა. ობლად დარჩენილი (დედა ადრე გარდაეცვალა) ვაჟია, იმჟამად ხევსურეთს მყოფმა გეოლოგმა გიორგი ჯანელიძემ იშვილა, ქალაქს ჩაიყვანა და გაზარდა.

მას შემდეგ 18 წელი გავიდა.

დავაჟკაცებულმა ვაჟიამ მშობლიურ სოფელში ასვლა და ნათესავების ნახვა მოიწადინა. პროფესიით გეოლოგი სპილენძის მოძებნასაც აპირებდა მთებში.

დიდი სიხარულით შევხდნენ ნათესავები ვაჟიას. ბიძამისს მგელიას მოსისხლეები დიდი ხნის წინათ მოეკლა და ვაჟიას ნაცვლად შური ეძია. ვაჟიას ბიძაშვილი ჯურხაც დავაჟკაცებულიყო, ოჯახს მოკიდებოდა და წიკლაურების ოჯახი გაემრავლებინა.

ქალაქელ ვაჟიას ძალიან უჭირს ხევსურულ სოფელში გაძლება. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქალაქს დაბრუნდეს და აღარასოდეს მოაკითხოს ამ სოფელს, სადაც პირველყოფილი ადამიანები ცხოვრობენ. მაგრამ ვაჟიას ხურჯას ცოლისდა ხათუთა შეუყვარდა. სახიფათოა ხათუთას სიყვარული. ქალი ხევსურეთს სიმამაცით განთქმულ ვაჟკაცს დათვია ჭინჭარაულს უყვარს. იგი იმუქრება: ვინც ხათუთას შემეცილება, სიკვდილი არ აცდებაო. ერთ დღეს დათვიამ ვაჟიასა და ხათუთას სიყვარულის ამბავი შეიტყო, წიკლაურების ოჯახს მიუვარდა და რაყიფი ბრძოლად გაიწვია. ინტელიგენტ ვაჟიას არ უნდოდა საბრძოლველად გასვლა. სიკვდილისა არ ეშინია, მაგრამ კარგად გაწვრთნილ სპორტსმენს შეიძლება დათვია შემოაკვდეს და მკვლელად გახდომა ყველაზე დიდი სატანჯველი იქნებოდა ვაჟიასათვის. ინტელიგენტი კაცის ეს გონიერი სურვილი სოფელმა სილაჩრედ მიიღო. წიკლაურთა გვარმა ზურგი აქცია მხდალს. ხათუთამაც დაგმო მშიშარა.

საყოველთაო ზიზღმა გააბოროტა ვაჟია და დათვიას შეერკინა. დიდხანს მარტო თავს იცავდა ვაჟია, მაგრამ ბრძოლამ მხეცის ინსტინქტი გააღვიძა ინტელიგენტ კაცში და საბედისწერო შეცდომა ჩაადენინა: ვაჟიამ მოკლა დათვია.

წიკლაურები ზეიმობენ. ვაჟიას და ხათუთას ქორწილი გადაიხადეს. ვაჟიას საზეიმოდ არ სცალია. იგი მწარე სატანჯველს შეუპყრია. მეტისმეტად მძიმეა მკვლელის სახელი. იგი მტკიცედ გადაწყვეტს გაიპაროს აქედან, სადაც ადამიანს იძულებით მკვლელად ხდიან.
ვაჟია და ხათუთა გაიპარებიან.

გაპარულს ფეხდაფეხ მისდევენ დათვიას ძმები შურის საძიებლად. ისინი გაქცეულთ წამოეწევიან და შემთხვევით ვაჟიას ნაცვლად ხათუთას მოკლავენ.

ქალის სიკვდილმა შეარიგა მოსისხლენი.

აქ თავდება სიუჟეტი. მაგრამ არის კიდევ ერთი საფინალო ეპიზოდი, რომელიც გვატყობინებს, რომ ხათუთას სიკვდილის შემდეგ ვაჟია სოფლად დარჩენილა და მასწავლებლობა დაუწყია. მოსულა ახალი დრო. სოფელი ცივილიზაციის გზას დასდგომია და ძველი არაადამიანური ზნე ჩვეულებანი სამუდამოდ უარუყვია.

“თეთრი საყელოს” შინაარსი ყოველმა წიგნიერმა ქართველმა იცის და ამიტომ არ გაუჭირდება ამ ორი შინაარსის შედარება. ჩვენი აზრით, მათ საერთო არაფერი აქვთ, გარდა ზოგიერთი პერსონაჟის სახელისა.

როგორია რომანის და სცენარის პრობლემატიკა?

მიხეილ ჯავახიშვილი თავად წერდა, რომ “თეთრი საყელოს” პრობლემა “…პრიმიტივის და კულტურის, საშუალო საუკუნეების კარჩაკეტილობის და დღევანდელი კარღიაობის, განდეგილობის და ქალაქის სოციალობის, ცოცხალი რომანტიკის და მიშა-ქალაქის რეალობის” წინააღმდეგობააო.

ცივილიზაცია თუ პირველყოფილობა?

ამ პრობლემით დაინტერესებულა მსოფლიო ლიტერატურის არაერთი და ორი დიდი წარმომადგენელი (რუსო, შატობრიანი, ჰამსუნი, კელერმანი, კიპლინგი და სხვანი). იგი არც კინემატოგრაფიისთვისაა უცხო. სამაგალითოდ ფრენკ კაპრას ფილმებიც “მისტერ დიდსი ქალაქში გადადის”, “მისტერ სმიტი ვაშინგტონს მიემგზავრება” კმარა.

ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალურ პრობლემად იქცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ქართველი მწერალი (რომანი 1926 წელსაა დაწერილი) გამოეხმაურა მსოფლიო ლიტერატურის ეგზომ საჭირბოროტო საკითხს და ქართული მასალის მოშველიებით აბსოლუტური დამაჯერებლობით დახატა ცივილიზაციისაგან გაქცევის უაზრობა.

ცივილიზებული კაცობრიობის თეთრმა საყელომ სასტიკად დაამარცხა პირველყოფილი ხევსურული ჩოხა.

ცივილიზაციისა და პირველყოფილობის კონფლიქტი მიხეილ ჯავახიშვილს ქართულ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით აქვს გადაწყვეტილი.

ყური დაუდგეთ ელიზბარისა და ხურჯას კამათს.

ხურჯა: “ქართველმა კი თეთრი საყელო რომ გაიკეთა, რჯულიც სხვისი მიიღო. ჯანსაღი ველურობა განათლებულ გადაგვარებას სჯობია.”

ელიზბარი: “განა არ შეიძლება, რომ თეთრი საყელოც მოვიხვიოთ და ჯიშიც შევინახოთ?”

ჩვენი ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების აუცილებელ პირობად მიხეილ ჯავახიშვილი დიდი მსოფლიო ცივილიზაცის ზიარებას თვლის.

გარდა ამისა, ჯურხასა და ელიზბარის პაექრობა ძველ დავას აგრძელებს. ილია მოხევე ლელთ ღუნიაც ქართული ტანსაცმლის, ზნე-ჩვეულების უცვლელ შენახვას მიიჩნევდა ჩვენი ეროვნული მე-ს შესანარჩუნებელ პირობად.

ასე ეხმაურება ერთმანეთს “მგზავრის წერილები” და “თეთრი საყელო”.

სცენარის პრობლემატიკა კი, როგორც სათაურიც “Цена Жизни” მოწმობს, არ სცილდება სისხლის აღების მავნე ჩვეულების მხილებას.

როგორც ხედავთ, რომანისა და სცენარის პრობლემატიკა ძირეულად განსხვავებულია.
ახლა ორივე ნაწარმოების სახეთა სისტემა მიმოვიხილოთ.

1. რომანის ელიზბარი-ვაჟიკა და სცენარის ვაჟია.
ელიზბარს ხევსურებმა სახელი გამოუცვალეს და ვაჟიკა დაარქვეს. ეს არაა შემთხვევითი ამბავი. სახელი ვაჟიკა სიტყვების “ვაჟი” და “ვაჟკაცი” შინაარსს უკავშირდება და ელიზბარის გაწიკლაურება-გაჯანსაღებას გულისხმობს. სახელშიც რომანის ძირითადი პრობლემის საიდუმლოა ჩამარხული.

ელიზბარი შინაგანი კონფლიქტის (კულტურა თუ ველურობა?) მატარებელი კაცია. მისი პიროვნების ხასიათისა და ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება ორ სინამდვილეს (ქალაქის კულტურული და ხევსურული პრიმიტიული ყოფის) აღქმა-შედარების შედეგად ხდება. ელიზბარი საბოლოოდ აკეთებს დასკვნას ცივილიზაციის სასარგებლოდ. მისი ეროვნული პოლიტიკა გულისხმობს ნაციონალური თვითმყოფობის შენარჩუნებას კულტურის ყველა მიღწევის ათვისების გზით.

სცენარის ვაჟია დაბადებით ხევსურია, მაგრამ კულტურას ზიარებული. იგი მთლიანი პიროვნებაა, რომლისათვისაც კულტურისა და პრიმიტივის კონფლიქტი არ არსებობს. პირიქით, იგი აღშფოთებულია ხევსურული ყოფით (კერძოდ, სისხლის აღების ჩვეულებით). ინტელიგენტი ვაჟია ველურთა შორის მოხვდა და მთელი არსებით გმობს პირველყოფილობას. მართალია, მისი კულტურტრეგერული (ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით) მოღვაწეობის ჩვენება მოქმედების საშუალებით არ ხდება, მაგრამ ფინალი გვატყობინებს, რომ ხევსურული სოფელი საბჭოთა ხელისუფლების დროს შეცვლილა. გაჩენილა სკოლა, კლუბი და სხვა კულტურული დაწესებულებანი.

ორი პერსონაჟი ვაჟია და ელიზბარი ორი სხვადასხვა პიროვნებაა.

2. რომანისა და სცენარის ჯურხა.

მიხეილ ჯავახიშვილის ჯურხა განათლებული კაცია. იგი იცნობს ევროპულ კულტურას და საზღვარგარეთაც უცხოვრია. მას ნებით უარუყვია ცივილიზაცია და ხევსურეთს დაბრუნებია. ეს შემთხვევით კი არ მომხდარა, არამედ ჯურხას ფილოსოფიის შედეგია. ამით ცდილობს იგი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. იგი ელიზბარის ენტიპოდია. სისხლხორცეული განსახიერება ველური სიჯანსაღისა და პატიოსნების.

სცენარის ჯურხა კი ველურად დაიბადა. თავის სოფელს არ გასცდენია. ცხოვრობს ისე, როგორც მამა-პაპას უცხოვრია და უკეთესი ვერ წარმოუდგენია. მისი ველურობა უგუნურებითაა გამოწვეული და არა გარკვეული თეორიით.

ერთი და იმავე სახელის მატარებელი ორი პერსონაჟი ერთმანეთს არ ჰგავს არც ცხოვრების გზით, არც აზრვონებით, არც ხასიათით.

3. რომანისა და სცენარის ხათუთა.

მიხეილ ჯავახიშვილის ხათუთა ბუნების უმანკო შვილია. თავდავიწყებით შეყვარებული და დედობის ტრფიალი. მისთვის უცხოა ველური ინსტინქტები. მაგალითად, მას ეშინია, რომ ელიზბარი მოსისხლეებმა არ მოკლან და ყოველგვარად იფარავს ქმარს. ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად რომანისტმა ხათუთა ქალაქს ჩამოიყვანა და კულტურას აზიარა. იგი საოცარი სისზრაფით ითავისებს ახალს და ადვიწყებულ ძველს.

ცუცქიასა და ხათუთას დაპირისპირება მწერალს დედობის პრობლემის წამოსაჭრელად სჭირდება, რაიც თავის მხრით ეროვნულ საკითხს უკავშირდება.

სცენარში ცუცქია არაა, ხოლო ხათუთა ველური გოგოა (დაახლოებით ტარზანივით). იგი სისხლის აღების ჩვეულების შედეგად გამომუშავებული ინსტინქტებით ცხოვრობს. ხათუთა ზურგს შეაქცევს ვაჟიას, რცოა იგი უარს ამბობს დათვიასთან ბრძოლაზე. ხათუთასთვის არ არსებობს აროც სიყვარულით გამოწვეული შიში (სატრფო არ მომიკლანო) და არც ქალური ლმობიერება (კაცია რა მოკლან). მთავარია სისხლის აღება. მხოლოდ სისხლი დაამშვიდებს მას. ასეთი მხეცური ინსტინქტით შეპყრობილი ქალი თავად ხდება არაადამიანური ადათის მსხვერპლი.

ხათუთას სახესაც ჯურხას ბედი ეწია. სცენარისტმა იგი თავისებურად გაიაზრა.

სცენარში სხვა პერსონაჟებიც (ნათელა, ნინო, ვალიკო, მზია, აპარეკა და სხვანი) არიან, მაგრამ მათ დრამატურგიულ-სიუჟეტური ფუნქცია არა აქვთ.

ჩვენი მსჯელობა დასრულებული არ იქნებოდა კიდევ ორ ეპიზოდს რომ არ შევხებოდით.

1. წაწლობა. რომანში ელიზბარისა და ხათუთას წაწლობა ვაჟის აღტაცებას იწვევს. ელიზბარი ჯერ ვერ გარკვეულა ღვთაებრივია ეს ჩვეულება თუ ველური. იგი მზადაა მრავალგზის დატკბეს წაწლობით (და ასეც ხდება). ამ ჩვეულებას საბოლოოდ იგი ვაჟკაცობა-ნებისყოფის გამოსავლინებელ ღვთიურ საშუალებად თვლის.

სცენარის ვაჟია კი წაწლობას ველურობად მიიჩნევს, რომელიც ვიღაცას ქალ-ვაჟის საწამებლად მოუგონია. იგი უარს ამბობს გაიმეოროს წაწლობა.

ერთი და იგივე ფაქტი ორ პერსონაჟს სხვადასხვაგვარად აქვს აღქმული.

გარდა ამისა, ხევსურული ადათის თანახმად, სწორფერთა დაქორწინება აკრძალულია. ამიტომ დასჭირდა ჯურხას ელიზბარისა და ხათუთას ჯვარდასაწერად ჯარიმის გადახდა და ხევისბერის ნებართვა. სცენარში კი ვადია-ხათუთას დაქორწინება იოლად, წინააღმდეგობის გაუწევლად ხდება, თითქოსდა ადათის დარღვევა აარფერიაო.

2. დათვია-ელიზბარის (სცენარის დათვია-ვაჟიას) შერკინება და დათვისა მოკვლა.

ელიზბარი აღტაცებულია დათვიას მოკვლით. ამაში იგი გაწიკლაურება-გავაჟკაცებას ხედავს. ელიზბარისთვის უცხოა სინდისის ქენჯნა მკვლელობით გამოწვეული.
ვაჟიასთვის კი ეს მკვლელობა სატანჯველია. დათვიას სიკვდილი მას კოშმარად ექცა და უკურნებელ სინდისის ქენჯნად.

აქაც ერთი და იმავე ფაქტის სხვადასხვაგვარ აღქმასთან გვაქვს საქმე.

ორივე ფაქტი – წაწლობა და რაყიფთა ბრძოლა – მხატვრულად და იდეურად რომანისტსა და სცენარისტს თავისებურად აქვს გააზრებული. ამდენად, მიხეილ ჯავახიშვილისგან გიორგი მდივნის მიერ მოტივთა სესხება გარეგნულ ელფერს ატარებს და რომანტის იდუერ-მხატვრულ ჩანაფიქრს არღვევს.

ჩვენი დასკვნა ასეთია: 1. მიხეილ ჯავახიშვილის რომანს და მდივნის სცენარს არაფერი აქვთ საერთო არც პრობლემატიკის და არც სახე-ხასიათების თვალსაზრისით. 2. სცენარის “სიცოცხლის ფასის” გადაღება, როგორც ეკრანიზაციისა ან როგორც “თეთრი საყელოს” მოტივებზე აგებული კინონაწარმოებისა, შეუძლებელია. 3. თუ კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებას, დირექციას და სამხატვრო საბჭოს გიორგი მდივნის სცენარის იდეურ-მხატვრული დონე აკმაყოფილებს, გადაიღოს იგი, როგორც ორიგინალური კინონაწარმოები.
ერთხელ მიხეილ ჯავახიშვილს დავით კასრაძისთვის უთქვამს: “თუ საჭირო დარჩა ყველაფერს დავთმობ, მაგრამ “ჯაყოს” და “თეთრ საყელოს” ვერავინ გამამეტებინებსო.” ჩვენი თაობის მორალური მოვალეობაა ფაქიზად მოვუაროთ დიდი ქართველი რომანისტის მემკვიდრეობას.

რას იტყვით თქვენ, ქართველო მწერლებო და მკითხველებო?”
1959. 7. III

***

ეს წერილი არ დაიბეჭდა. რაკი სცენარი გამოქვეყნებული არ იყო, უხერხულად და უკანონოდ მიიჩნიეს კრიტიკული წერილის დასტამბვა. მაგრამ კინოსაქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მაღალ ინსტანციაში წაიკითხეს და “სიცოცხლის ფასის” მიხედვით ფილმის გადაღება შეფერხდა. გადაღება გადაიდო დროებით. ავტორს მოსთხოვეს სცენარის ახალი ვარიანტის დაწერა. მაგრამ გიორგი მდივანი არ ურიგდებოდა მარცხს. ეს დავა რამდენიმე წელს გაგრძელდა. ამ ხანში სასცენარო განყოფილების რიშითი რედაქტორიდან სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი გავხდი. თანდთან ვგრძნობდი, რომ დავა ჩემი მარცხით დამთავრდებოდა. გიორგი მდივნის “სიცოცხლის ფასს” მაინც გადაგვაღებინებდნენ და გადავწყვიტე ტაქტიკა შემეცვალა. არ მებრძოლა “სიცოცხლის ფასის” წინააღმდეგ, არამედ დამეცვა “თეთრი საყელო” და მეხსნა იგი ხელყოფისაგან. ამ მიზნით დავიჩემე “სიცოცხლის ფასი” ორიგინალური ნაწარმოებია და რატომ უნდა გადავიღოთ როგორც “თეთრი საყელოს” ეკრანიზება. ეფრო სამართლიანია “სიცოცხლის ფასი” მივიჩნიოთ ორიგინალურ ნაწარმოებად და ასეც გადავიღოთ. ეს აზრი ბოლოს და ბოლოს მოეწონა გიორგი მდივანს. ბუნებრივიც იყო, თუ “სიცოცხლის ფასს” არ მივჩნევდით ეკრანიზაციად და ჩავთვლიდით ორიგინალურ სცენარად, ავტორი მოგებული რჩებოდა მორალურადაც და მატერიალურადაც. ყოფილი მოდავენი და მოქიშპენი მოკავშირეები გავხდით. ასე მოვექეცი სასაცილო სიტუაციაში. გამარჯვებული გიორგი მდივნის “სიცოცხლის ფასის” მიხედვით 1965 წელს გადაიღეს ფილმი, რომელსაც “ხევსურული ბალადა” ეწოდა.

ასეთი სრული კრახით დამთავრდა ჩემი ბრძოლა მხატვრულად და აზრობრივად სუსტი კინოსცენარის წინააღმდეგ. დამარცხებული თავს იმითღა ვინუგეშებდი, რომ “თეთრი საყელო” გადავარჩინე, არ ვაქციე იგი კინომაკულატურის ობიექტად. ცხადია, ეს ვერაფერი ნუგეში იყო. მაგრამ მოგეხსენებათ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და თავის ვიმშვიდებდი.

ერთხელ “ხევსურული ბალადის” გადაღების დროს ფილმის დამდგმელს შოთა მანაგაძეს ვუთხარი:

– ბატონო შოთა, მართალია, “თეთრი საყელო” გადარჩა, მაგრამ რა ვქნათ, ტყუილს რომ ვამბობთ? არ არის ხევსურეთში საქმე ისე ბედნიერად, როგორც ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ და ვაჩვენოთ.

შოთა მანაგაძემ მიპასუხა:

– განა აუცილებელია მკაცრი სინამდვილე ავსახოთ? ხომ შეიძლება დავხატოთ მთის რომანტიკა. ამის დიდებული მაგალითი გვაქვს ჩვენ მწერლობაში. ალექსანდრე ყაზბეგმა და ვაჟა ფშაველამ რომანტიზმის შარავანდედით შემოსეს საქართველოს მთიანეთი. ვისარგებლოთ ამით. ჩვენც ვაჩვენოთ ხევსურეთის რომანტიკული ხიბლი და ასე გავაღვიძოთ სიყვარული მთიანეთისადმი, დავაფიქროთ მაყურებელი და ვათქმევინოთ – არ შეიძლება ამ მშვენიერების უპატრონოდ მიტოვება. აუცილებელია ზრუნვა. აუცილებელია გზების გამოძებნა მთიანეთის გადასარჩენად.

მართალი იყო ალბათ რეჟისორი. ხელოვნებაში ამგვარი ხერხიც არსებობს. მაგრამ თუ მომეტებულ სკეპტიციზმად არ ჩამომერთმევა, მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ: ვერც მკაცრი სინამდვილე დავხატეთ და ვერც მთიანეთის რომანტიკული ხიბლი.