13 მარტი, 2015

ირაკლი სამსონაძის ,,ყურთბალიში’’ იტალიურად გამოიცემა

ir6მწერლისა და დრამატურგის ირაკლი სამსონაძის მცირე რომანს „ყურთბალიში“ რამდენიმე თვეში იტალიურ ენაზე გამომცემლობა „პალომბი“ გამოსცემს. ნაწარმოების მთარგმნელი ქეთი ჩარკვიანია. პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელია „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“.

ეს “ყურთბალიშის” უცხოურ ენაზე გამოცემის მეორე შემთხვევაა, რომანი სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა და დაიბეჭდა სომხურ ენაზე გამომცემლობა „ანტარესის“ მიერ, მთარგმნელი ანაიდა ბოსტანჯიანია.

ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიში“ გასული საუკუნის 90-იან წლებზე მოგვითხრობს. იმ დროის ამბებზე, როცა „სიღატაკით გალახულ“ ქვეყანაში დუღს და გადმოდუღს „გაჩინოვნიკებულ-გაქორვაჭრებული“ ცხოვრება.

რომანის მთავარი გმირი მწერალია, რომელიც თავს „ყოფილების საზოგადოების“ „ღირსეულ“ წევრად მიიჩნევს და ბოლომდე ვერცერთ იდეოლოგიას ვერ ეთვისება, რადგან მისი იდეოლოგია ერთი კაცის მრწამსია, რომელსაც მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება უკარნახოს სხვასთან გაერთიანება.

ორიგინალური ფორმის, ერთაბზაციანი რომანი იმითაც არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რომ გულწრფელად, შეულამაზებლად და მიუკერძოებლად გვიყვება უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთზე.