Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველოში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი იწყება

f7ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ მთელ საქართველოში ჩატარდება.

ფესტივალი მაისის ბოლოს დაიწყება. საზეიმო გახსნა დაგეგმილია კახეთში. ღონისძიებები გაგრძელდება ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, ზემო სვანეთში, იმერეთში და დასრულდება თბილისში.

ფესტივალი მოიცავს ქართული ტრადიციული ხელოვნების ისეთ დარგებს, როგორიცაა ხალხური სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ტრადიციული ინსტრუმენტული შემსრულებლობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

ფოლკლორის ფესტივალი შედგება რეგიონული და დასკვნითი ტურებისაგან. რეგიონული ტურები წელს ჩატარდება, დასკვნითი ტური კი მომავალ წელს თბილისში შედგება, სადაც ლაურეატების დაჯილდოება მოეწყობა. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საგანგებოდ შექმნილი დარგობრივი კომისია. ფინალისტებს გადაეცემათ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ფულადი პრემია. ფესტივალის ყველა გამარჯვებულს, ფულად პრემიებთან და სახელობით პრიზებთან ერთად გადაეცემა ლაურეატის დიპლომი.

ცალკე ნომინაცია დაწესდება მუსიკასა და ქორეოგრაფიაში – უძველესი ნიმუშების აღდგენა-დამუშავება და შესრულება, მათ შორისაა ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, საკლესიო გალობა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში – საკრავებისა და ეროვნული სამოსის აღდგენა და შექმნა.

ფესტივალის დებულების თანახმად, ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის საშუალება ექნება საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკური უმცირესობის ფოლკლორულ ჯგუფს, ინდივიდუალურ შემსრულებელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის წარმომადგენელს.

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესახებ 2016 წლისთვის გამოიცემა წიგნი, ხოლო ფესტივალის ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ამსახველი ვიდეო მასალა დივიდი დისკის სახით გამოვა.