Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოთარ ჭილაძე – ადამიანი სინდისი

otar520 მარტი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა. მას 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით გამომცემლობა „ინტელექტმა“ ოთარ ჭილაძის წიგნის „ცა მიწიდან იწყება“ ახალი, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით შევსებული გამოცემის პრეზენტაცია მოაწყო. კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ.

ოთარ ჭილაძის „ცა მიწიდან იწყება“ მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერებია. ეს არის ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა. მასში თავმოყრილია მწერლის ყოველდღიური განცდები თუ ემოციები, შინაგანი ლაბორატორია, გამოხმაურებები ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებები ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.

ოთარ ჭილაძემ გარდაცვალებამდე ავტობიოგრაფია დაწერა, რომელშიც მწერალმა საკუთარ თავზე მესამე პირში ისაუბრა.

“ოთარ ჭილაძე დაიბადა ქალაქ სიღნაღში, 1933 წლის 20 მარტს. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მამამისი – ივანე ჭილაძე – პედაგოგი გახლდათ ეკონომიური და იურიდიული განათლებით. დედა – თამარი – საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, რომელმაც, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. ოთარი მათი მეორე შვილია. სულ სამი შვილი ეყოლათ, ოთარამდე – თამაზი და ოთარის შემდეგ – თინა. ოთარი არც მამას ჰგავს, არც დედას, უფრო სწორად, იმდენად ჰგავს ორივეს, რამდანადაც მაინცდამაინც მას გამოჰყვა თუკი რამე ნაკლი ჰქონდათ მის მშობლებს, ან გარეგნობაში, ან ხასიათში.

სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა, თუმცა დიპლომი აქამდე უნივერსიტეტის არქივში ინახება. სწავლის წლებიდან ყველაზე მძაფრად კოშმარული სიზმარი ახსოვს: ვითომ, რომელიღაც საგანში (საგანს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა) საშემოდგომო გამოცდა გამოჰყვა და არ იცის, როდის, სად და ვისთან უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩასაბარებლად. პირველი ნაწარმოები ნამდვილად არ ახსოვს. პირველი სიყვარული ახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად.

მსახურობდა მხოლოდ რამდენიმე წელი, ჟურნალ “მნათობში”, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა. ჯილდოები მიღებული აქვს, თუმცა, როგორც თვითონ ფიქრობს, ნამდვილად არ დაუმსახურებია ისინი, მით უფრო, საბჭოთა ხელისუფლებისგან. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებდა ეს ამბავი. უფრო სწორად, თვითონ იცოდა, როდის როგორ მოქცეოდა ნებისმიერ ქვეშევრდომს, დაეჯილდოვებინა თუ დაესაჯა, რადგან არც დასასაჯელად ჭირდებოდა მიზეზი, არც დასაჯილდოვებლად. ამიტომ, ჯილდოების დასახელებისგან თავს შეიკავებს, მით უფრო რომ, უმეტესი ნაწილი ოთხმოცდაათიანი წლების ეკონომიურ სიდუხჭირეს შეეწირა. მაშინ, რატომღაც, ფასი დაედო და მუშტარიც გამოუჩნდა საბჭოურ ჯილდოებს. რაც შეეხება დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი აზრით, მან მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი დაბნეულობისგან, უკვე ორჯერ დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რასაც, თუ მახსოვრობა არ გვღალატობს, მხოლოდ კოტე მახარაძე თუ ღირსებია.

დაოჯახდა ადრე, უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ჰყავს ორი შვილი – ზაზა და თაკო – და ოთხი შვილიშვილი – ნანა, ანა, ოთარი და ნათელა, რომლებიც თავს ურჩევნია და რომლებსაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად თვლის. რაც შეეხება მეგობრებს, ბავშვობიდან ეთაყვანებოდა ამ ინსტიტუტს, შეიძლება ითქვას, დღე არ უცხოვრია უმეგობროდ; ერთგული, გულითადი, უშეღავათო მეგობრობა იცოდა და მეგობრებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. მაგრამ დრო თავისას მოითხოვს და მიაქვს კიდეც – ბევრი, ღმერთმა გაანათლოს, ცოცხალი აღარ არის, ბევრი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცხოვრებამ აცდუნა, “სხვა გზას” დაადგა. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან უცვლელნიც და მარადიულნიც, როგორიც, ვთქვათ, მისი უფროსი ძმა თამაზია. “დიდი საზოგადოებრივი საქმე”, ჩვენი აზრით, არ გაუკეთებია. ჩვენში რომ ვთქვათ, არც არავინ ანდობდა, რამდენადაც საბჭოეთის ერთ-ერთი უერთგულესი და უფხიზლესი ცერბერის თვალსაზრისით, “რესპუბლიკის მასშტაბით”, ის იყო ქვეყნისთვის ყველაზე არასანდო ელემენტი, რაც ოფიციალურადაც განაცხადა კიდეც გაზეთში, ოღონდ, უკვე გადამდგარმა. ხოლო, ახალ ხელისუფლებას, მისი რანგის მწერალი, ალბათ არ ემეტება “დიდი საზოგადოებრივი საქმეებისთვის”. სამხედრო სამსახური უნივერსიტეტში მოიხადა: ორჯერ გაიწვიეს ერთთვიან შეკრებაზე გორში, სადაც თითბრის მათლაფიდან ჭამდა და ხვლიკებით სავსე კარავში ეძინა.

მწერალთა კავშირში 1959 წელს მიიღეს, პირველი პოეტური კრებულის გამოცემამდე, რაც მაშინდელი ნორმატივების გათვალისწინებით, თითქმის წარმოუდგენელი ამბავი იყო და დიდ პატივად ითვლებოდა. იმანაც შეიფერა და, როგორც ხედავთ, აქამდე ვერ შელევია ამ პატივს, ანუ, ჯერ კიდევ არ გამოსულა მწერალთა კავშირიდან, ჯერ კიდევ ითრევს ფეხს, რამდენადაც ვერც ის გაარკვია, რა სჯობს თავად მწერლობისთვის: ცუდი მწერალთა კავშირის მიტოვება უბრძოლველად, თუ განდგომილთა, გაქცეულთა უკან მობრუნება და, მათთან ერთად, კარგი, თუნდაც არსებულზე უკეთესი მწერალთა კავშირისთვის ბრძოლა. ყმაწვილთა საკითხავად სამი ლექსი აქვს დაწერილი: “ზოოპარკი”, “პედრო” და “ფრანგული ზღაპრის ფრაგმენტი”. რაც შეეხება “საქმიან მოგზაურობებს საზღვარგარეთ”, ასეთი რამ არ ახსოვს. თუმცა, ერთხელ დიდი ხნის წინად, მართლაც იყო მცდელობა, ისიც ჩაერთოთ “საქმიან მოგზაურობაში”, ანუ ისიც შეიყვანეს სამკაციან დელეგაციაში, ფინელ მწერლებთან შესახვედრად, მაგრამ ადგილობრივმა ცენტრალურმა კომიტეტმა ვერ გაბედა პასუხისმგებლობისაღება საკუთარ თავზე, რის მერეც, საკმაოდ დიდი ხნით, საერთოდ აეკრძალა იმას ყველანაირი მოგზაურობა საზღვარგარეთ. ასე რომ, კურიოზებს სხვისასაც ვერ იტანს, მით უფრო, კურიოზების სახალხოდ მოყოლას. ხოლო, “ტკივილიანი მოგონებები” იმდენად ბევრი აქვს, ვერ გამოარჩევს რომელიმეს, თანაც ასე ნაუცბათევად. ჰობი, არასოდეს არ ჰქონია, ვერ შეიქმნა საამისო პირობები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ახლო მომავალში, დიახაც რომ ჰობად ექცეს მაჯის თვლა და წნევის ზომვა. არის რუსთაველის, ილიას, ყაზბეგის, საბას და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ასევე – ნობელის პრემიის ნომინანტი. ამიტომ, “სხვათა შეფასებანი” სჯობს სხვებს ჰკითხოთ. ასევე გაუჭირდება, თავად განსაზღვროს, რა ადგილს იკავებს ლიტერატურაში, თუმცა, თარგმნილი აქვს რასინის “ფედრა”, ბაირონის “ბარათი ავგუსტას”, ლონგფელოს “ჰაიავატას სიმღერა”, პუშკინის “რუსლანი და ლუდმილა” “პოლტავა” და “ბაღჩისარაის შადრევანი”… ასევე – ბაგრიცკის, უკრაინკას, ბაჟანის, ისაკიანის, ჰესეს და სხვათა ლექსები, ჟან ანუის “ანტიგონე”, თამაზთან ერთად…მეტი რა ქნას, თითქმის უკვე ნახევარი საუკუნეა, ინტენსიური და საკმაოდ ნაყოფიერი ურთიერთობა აქვს სხვადასხვა გამომცემლობასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ. ძალიან ბევრი წიგნი აქვს გამოცემული და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე რომ, არც ამით გამოირჩევა სხვებისგან. მაგრამ მაინც უნდა ითქვას, ჯერჯერობით, არცერთ ქველმოქმედს არ გახსენებია მისი არსებობა, არც დაინტერესებულა, რითი უდგას სული ამ უჰონორარობის მეტისმეტად გაჭიანურებულ პერიოდში. თავად კი, როგორც არ უნდა მოინდომოს, ვერ გახდება ქველმოქმედი, თუნდაც, მარტო უფულობის გამო.“

“არტინფო” გთავაზობთ ოთარ ჭილაძის გამონათქვამებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის დამაფიქრებელია:

1. „რაც არ უნდა პათეკიტურად ჟღერდეს, ჩემი ცხოვრებისეული კრედო სამშობლო და სიმართლეა! სხვა იდეალების დევნა, ჯერჯერობით, თუ უნებლიე დანაშაული არ არის, აშკარად ფუფუნებაა ჩვენთვის. ფუფუნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჯერ ღირსი უნდა გახდე ფუფუნებისა, ანუ, უნდა დაიმსახურო, ისევ და ისევ, სამშობლოსა და სიმართლის სამსახურით.“

2. “რწმენადაკარგული ადამიანი ყველაზე დიდი მტერია საკუთარი თავისა, იმავე წამს იწყებს იმ ტოტის ჭრას, რომელზეც ჯერ კიდევ მისი პაპის პაპა მჯდარა და მისი შვილიშვილიც დაჯდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო.”

3. „ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.“

4. „ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველაბა კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შემქმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.“

5. “თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა, შიშის დაძლევაა გმირობა. ამიტომაც, რაცკი ცუდია ჩვენში, დროისაგან თავსმოხვეული, სიმარტოვით გაქვავებული – მოიკვეთება, სამუდამოდ. ჩვენს თვალწინ მოკვდება, რადგან ჩვენც გავიგოთ, ვიგრძნოთ, ვიწვნიოთ სიკვდილის ძალა, დაუნდობლობა, და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ გადარჩენილს. არ დავანებოთ სიკვდილს, მტერს, წყვდიადს… ვიდრე შეგვეძლება, ვიდრე კბილი შეგვრჩება, ფრჩხილი, ფურთხი, გოჯი არ დავთმოთ ჩვენი სულისა, სინდისისა, სიყვარულისა, სიძულვილისა… ანუ, არასოდეს მივატოვოთ სანგარი, ოღონდ, ის სანგარი, სადაც განგება ჩაგვსვამს; და კიდევ ერთი, მადლობა ღმერთს, გამახსენდა! არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, გესმის?! რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გიბრძანოს, დაგაძალოს, გთხოვოს, შემოგაჩეჩოს – არ მიითვისო, რაც არ გეკუთვნის, რისი მითვისებას არ შეიძლება… სხვისი აკვანი, ანდა სხვისი საფლავი, სხვისი წუხილი, ანდა სხვისი სიხარული, სხვისი სალოცავი ანდა სხვისი საგოდებელი.”

6. “თევზაობა იქამდე არ მოიშლება, ვიდრე თევზი ანკესის ყლაპვას არ მოიშლის.”

7. “სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს… ყველაფერი სულერთია შენთვის.”

8. “ყველა ჩვენგანს ჰყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!”

9. “თუ მართლა შეგტკივა ჩემზე გული, ნუკი მომატყუებ, ბედნიერი ხარო, გამარკვიე, რატომ ვარ უბედური.”

10. “თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს… ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით… ცა მიწიდან იწყება… ღმერთმა დაგლოცოთ…”

11. “დანაშაულია, როცა რა იცი და არც გაღელვებს შენი უვიცობა. კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა არ იცი და ჯიუტად გაიძახი, ვიციო.”

12. “ბედნიერება უნდა მოითმინო.”

13. “რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს, როცა რამე აწუხებს ან სიამოვნებს? იქნებ იმიტომ რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს წუხილთან თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის.”

14. “სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე.“

15. „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია.“

16. „ჩვენ დავდიოდით და ამდენ სახლში არც ერთი სახლი არ იყო ჩვენი, თუმცა, ამაზე არც გვიფიქრია! ვერც დაგვიტევდნენ ალბათ კედლები.“

17. „კაცი ჯერ საკუთარ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს, როცა ყველასთვის სულ ერთია, მკვდარია თუ ცოცხალი.“