3 მარტი, 2015

ქართველი დიზაინერები საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ

lll5ლონდონში გამართულ მოდის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო მოდის გამოფენაზე წელს ქართველი დიზაინერებიც მონაწილეობდნენ. ისინი გამოფენაზე სპეციალური პროგრამით ჩავიდნენ. ქართველები ამ ღონისძიებაზე უკვე მეორედ მიიწვიეს.

წელს მსოფლიოს 100 საკონკურსო ქვეყნიდან მონაწილეობის უფლება 15-მა საუკეთესომ მოახერხა და მათ შორის აღმოჩნდა საქართველოც. დიზაინერებმა ლელა ელოშვილმა, ლაშა დევდარიანმა და სალომე თოთლაძემ თავიანთი კოლექციები სამხატვრო აკადემიის ლაბირინთებში წარმოადგინეს. პროექტის კოორდინატორი ქართველი დიზაინერი გიორგი შაღაშვილი იყო. მისი გადაწყვეტილებით „აკადემიის ლაბირინთების“ მიზანი განადგურების პირას მისული საქართველოს სამხატვრო აკადემიის უნიკალური და ულამაზესი 150 წლიანი შენობის ჩვენება და მისი გადარჩენა იყო.

ქართველი დიზაინერების გამოფენას ინგლისში მოღვაწე ცნობილი მომღერალი ქეთი მელუაც დაესწრო. როგორც ლონდონის მოდის კვირეულზე აღინიშნა, ქართველი დიზაინერები ინგლისში საკმაოდ პოპულარულები არიან. თათა ნაკას და დევიდ კომას იქ თითქმის ყველა იცნობს.

გამოფენაში მონაწილე 15 ქვეყნიდან სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა. წელს ფავორიტი კოლუმბიელი დიზაინერი გახდა, ქართველები კი საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.