ტარიელ სუარი მუსიკალურ ტურნეს იწყებს

tar1234გიტარისტი ტარიელ სუარი მუსიკალურ ტურნეს იწყებს, რომელსაც “შერეკილი გიტარა” უწოდა. ეს გიტარისტის პროექტია. მასში შედის გია ყანჩელის კომპოზოციები ტრანსკრიბირებული გიტარაზე. მუსიკოსის თქმით, ეს პროექტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის გაერთიანებას მიეძღვნება:

“უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა, თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მთავარეპისკოპოსის, დიდი მეუფის, მამისა ჩვენისა ილია მეორის ლოცვა კურთხევით, დღეიდან, ჩემი ყველა კონცერტი, რასაც კი ოდესმე სადმე დავუკრავ, მიეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ქართველებში, ოსებსა და აფხაზებში ურთიერთ პატივისცემისა და სიყვარულის დანერგვას და ჩვენს ერთ მუშტად შეკვრას.”

როგორც ტარიელ სუარის მეუღლე მსახიობი ია ფარულავა აცხადებს, ისინი მის უწმინდესობას შეხვდნენ და ამ პროექტზეც ისაუბრეს:

“მამა გიორგიმ დიდი საჩქური მოგვიწყო: მე და ტარიელი შევხვდით უწმიდესს. მან კიდევ ერთხელ მოუსმინა ტარიელის არაერთ ნაწარმოებს, დაგვლოცა და დაგვასაჩუქრა ორი ულამაზესი ჯვრით. უწმიდესმა ტარიელის შესრულება უდახვეწილესად შეაფასა. ტარიელმაც არ დააყოვნა და უწმიდესს შერეკილი გიტარის ტურნეს შესახებ უამბო, რის შემდეგაც უწმიდესმა კურთხევა მისცა ტარიელს, რომ მან ყველა მისი მომავალი კონცერტი (ევროპასა თუ საქართველოში) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქართველებში, ოსებსა და აფხაზებში ურთიერთ პატივისცემისა და სიყვარულის დანერგვას და ჩვენს ერთ მუშტად შეკვრას მიუძღვნას. წარმატებები ტარიელ შენ და შენს შერეკილ გიტარას.”