5 თებერვალი, 2015

’’შიზოგადოება’’ – პაატა შამუგიას ახალი კრებული

shizogadoeba45 თებერვალს მწერალთა სახლში პაატა შამუგიას ახალი კრებულის „შიზოგადოება“ პრეზენტაცია და პოეზიის საღამო გაიმართება.

გახდი შიზოგადოებრივად აქტუალური! – ასეთია საღამოს ორგანიზატორთა ლოზუნგი. „შიზოგადოება“ ჯერ ორი კვირაა გამოვიდა და ის უკვე გახდა ლიტერატურულ წრეებში აქტიური განხილვის საგანი. მოულოდნელი ექსპერიმენტები და მძაფრი სოციალური სატირა ამ ავტორის საფირმო სტილია, თუმცა, ამჯერად პაატა შამუგია სრულიად ახალი სათქმელით გამოჩნდა. ამ სათქმელს (და წიგნს) ავტორი თავად წარუდგენს მკითხველს მწერალთა სახლში. „შიზოგადოება“-ში შესულია ლექსები და სამი ექსპერიმენტული პოემა.

„მეკითხებიან: რატომ წერ? და ამ კითხვასა და ჩემს სხეულს შორის აღმართულ პუნქტუაციის კუზიან უფსკრულს შიშით ჩავყურებ“, – ეს „ძალიან პაატა შამუგიას“ დღევანდელი სიტყვებია, გუშინ, მისივე თქმით, „ცოტათი პაატა შამუგია“ რომ იყო და კაცმა არ იცის, ხვალისთვის რას გვიმზადებს, რას უნდა ველოდეთ ამ თამამი ექსპერიმენტების მოყვარული პოეტისგან, რომელიც საღამოობით ანკესს მოიგდებს ხოლმე ზურგზე, მიდის მდინარეზე და თევზაობს მეტაფორებზე, სიმბოლოებზე, ალეგორიებზე, სხარტ ეპითეტებზე, ზორბა ჰიპერბოლებსა და ზუთხივით მეტაფორებზე.

ენობრივი თამაშები, კომიკურის და ტრაგიკულის ოსტატური სინთეზი, პაატა შამუგიას სახასიათო სტილი და პოეტიკა ამ წიგნშიც გრძელდება. თუმცა, “შიზოგადოება” ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და “შიზოგადოების” სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს.