27 თებერვალი, 2015

როგორია რეზო გაბრიაძის მარკეტინგი?

rezo7კომპანია ”IPM”-ის დამფუძნბელი გოჩა ცქიტიშვილი თავის ბლოგში მარკეტინგის განმარტებასთან დაკავშირებით რეზო გაბრიაძის შემოქმედებასა და მის თეატრზე საუბრობს. მაინც როგორია რეზო გაბრიაძის მარკეტინგი?

“მარკეტინგის უამრავი განმარტებიდან, ერთი მომწონს ყველაზე მეტად. ამ განმარტების ფილოსოფია ის არის, რომ მარკეტინგი იდეების დისტრიბუციაა. რა არის იდეა და თუნდაც რა არის დისტრიბუცია ეს სხვა საკითხია, არც ისე მარტივადაა საქმე, მაგრამ ლექსიკის დონეზე გასაგებია, რომ იდეა არის რაღაც განსხავავებული, ენერგეტიკული, ღირებულებაზე ორიენტირებული, ახალი, ღრმა…მოკლედ კარგი რამეა.

რა ხდება თბილისში, ბარათაშვილის ქუჩის შესახვევში. იქ მოვიდა ვინმე რეზო გაბრიაძე, გააკეთა ძალიან მაგარი მინიატურების თეატრი, მერე გააკეთა ძალიან მაგარი კაფე, მერე დადგა ძალიან მაგარი დაქანებული საათი და ამ საათის საყურებლად, მის კაფეში დასაჯდომად ისე მოდიან ფოტოაპარატებიანი ტურისტები, რომ არც სოდის მორეკილებს ჰგვანან, არც კუდისას. მოკლედ თავად მოდიან. ხშირად მინახავს ეს ტურისტები და მგონი ბევრი მათგანი მიუნხენშიცაა ნამყოფი და იქაური საათიც ნანახი აქვს, მაგრამ ეს მაინც მოსწონს, სახეზე სიამოვნება ეტყობათ …

წავიწიოთ წინ. თუ ჩავთვლით, რომ რეზო გაბრიაძემ შექმნა იდეა, რაც არც მაინცადამაინც ეს კონკრეტული საათია და არც მაინცადამაინც ეს კონკრეტული კაფე, თანაც გაგვახსენდება, რომ მარკეტინგს ერთი მთავარი მიზანი აქვს – სამომხმარებლო კმაყოფილება, მაშინ კითხვის ფორმულირება ასე შეიძლება – იქნება თუ არა ამ იდეის დისტრიბუცია თბილისის სამარკეტინგო საკითხი? მე ვფიქრობ იქნება. კარგით, თუ ეს ასეა, მაშინ მაქვს ერთი კითხვა, რომელიც რამდენიმე წელია მაწვალებს და გაგანდობთ:

ან ადრე ან ეხლა, რატომ არ მივიდა რეზო გაბრიაძესთან არც ერთი ქალაქის მერი, მისი მოადგილე, კეთილმოწყობის თუ ნაკლებად კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, მოკლედ ვინმე და არ გაიმართა დაახლოებით ასეთი დიალოგი:

ნაჩალნიკი: „ბატონო რეზო, რა კარგი რამ გაგიკეთებიათ, ტურისტებით თავად მოდიან, სულ ხალხია, რა ლამაზია, ყველა კმაყოფილია, ქალაქელებიც დადიან, მოსწონთ…“

რეზო გაბრიაძე: „გმადლობ, ჰო, მე მგონი ცუდი არ გამოვიდა.“

ნაჩალნიკი: „ბატონო რეზო, მაქვს ძაააალიან მარტივი კითხვა თქვენთან.“

რეზო გაბრიაძე: „გისმენთ ჩემო ბატონო.“

ნაჩალნიკი: „როდის შეძლებთ ბატონო რეზო, რომ მოგვაწოდოთ ესკიზები ახალი რამდენიმე პროექტისთვის ქალაქში, რომ ვნახოთ კონცეფცია, შევჯერდეთ და რა თქმა უნდა რა ანაზღაურება გსურთ მიიღოთ თითოეულ მათგანში. მოკლედ, ჩვენ გაძლევთ ქალაქში სკვერებს, ჩიხებს, ბაღებს თქვენ კი თითოეული მათგანისთვის ამზადებთ კონცეფციებს, მერე ან თავად, ან ჩვენი უკეთილესმოწყობილი სამსახური ვახდენთ კონცეფციის რეალიზაციას“.

რეზო გაბრიაძე: „რა ვიცი, ერთი თვე არ ვიქნები თბილისში, ჩამოვალ და შეგეხმიანებით.“

ნაჩალნიკი: „გმადლობ ბატონო რეზო“.

საუბრის შედეგი: ყოველ წელიწადს ქალაქში ახალი მაგარი კონცეფციები რეალიზდება და სწრაფად იზრდება კმაყოფილი ტრურისტებისა და თბილისელების კმაყოფილების ინდექსი.
ანუ, კითხვაა რატომ არ მოხდა ეს, ან უბრალოდ რატომ არ ხდება საერთოდ ამ დედაარღნიან (სტილი დაცულია), დედა აფეთქებულ (სტილი დაცულია) ნაგავში ჩაგდებულ მარგალიტ (სტილი დაცულია) რომ გააუთოებ და რუსეთზე დიდი რომ იქნება (სტილი დაცულია) ქვეყანაში არაფერი მსგავსი.

პ.ს. მიხომ მომიყვა, ჩემმა მეგობარმა მოიგონა ჰიჩკოკზე ასეთი ისტორიაო: ვითომდა ჰიჩკოკი ჩამოვიდა თბილისში, დახვდნენ, ჯვარზე აიყვანეს, იქიდან სალობიეში, მერე ოჯახში ბატონო ჩემო, გოჭით ბოლოკით პირში. ნათესავი ბავშვი აჩვენეს, თეატრალურს უმიზნებს, რეჟისორი უნდა გამოვიდესო. ჰიჩკოკმა შუბლძე აკოცა ბავშვს, ქუჩებში გაიარა, ტაქსში ჩაჯდა, მაგრამ არსად, არც ერთხელ, არაფერი უთქვამს, ჩუმად დადიოდა სულ.

ტრაპზე რომ ადიოდა უკვე, მოტრიალდა, ცრემლები გადმოუცვივდა, ხელები გაშალა და იკითხა „რატომ… რატომ… რატომ…“