Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რისთვის დაარსდა მარო მაყაშვილის კლუბი?

20 თებერვალი, 2015

maro12320 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოკუპაციის მუზეუმში მარო მაყაშვილის კლუბის პრეზენტაცია გაიმართება. წარდგინება მისმა ორგანიზატორებმა სპეციალურად დაამთხვიეს მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეს. იდეის ავტორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები არიან. მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული მუზეუმია.

მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის მიზანია, ჩაატაროს აქციები ქართველი მეომრების, საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების, გარკვეული საჭიროების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად. ამით კლუბის წევრები უღრმეს პატივისცემას გამოხატავენ საქართველოსათვის დამაშვრალი ადამიანების მიმართ.

მათთვის, როგორც მომავალი ექთნებისთვის უმნიშვნელოვანესია მარო მაყაშვილის ცხოვრებისეული მრწამსის არდავიწყება. კლუბი თავისი საქმიანობის ფარგლებში გეგმავს თანამშრომლობას სხვადასხვა დაწესებულებებთან, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის, საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფი გამორჩეული პირების და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე ადამიანებისადმი ყურადღებისა და პატივისცემის გამოსახატავად.

მარო მაყაშვილი წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. ის სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში ყუმბარის ნამსხვრევით. მარო მაყაშვილი იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული. შემორჩენილია მარო მაყაშვილის დღიურები და წერილები. ის ლიტერატურის მუზეუმმა წიგნად გამოსცა. ზაქარია ფალიაშვილმა მარო მაყაშვილის სახელის უკვდავსაყოფად თავის ოპერაში “დაისი”, მთავარ გმირს მარო დაარქვა.