7 თებერვალი, 2015

რეზო კიკნაძე: “ვაი, ჩვენს პატრონს!”

rezo6666666კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე კიდევ ერთი საჯარო განცხადებით გამოდის და ქართულ სიდებილეზე საუბრობს. საქმე ეხება 28 წლის ბექა წიქარიშვილს, რომელსაც მარიხუანას მოხმარებისა და შენახვის გამო, მინიმუმ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება:

“ქართული სიდებილე და ყველგან კუნთების ჩვენების საჭიროება, რაც უნდა ველურობას და უგუნურებას ნიშნავდეს ეს იმ მომენტში, აქაც სახეზეა: ვიღაც იდიოტს ჰგონია, აქ რომ დავფიქრდე, გადავხედო ჩემს აქამდელ აკვიატებას და დავთმო, მერე სხვა რამეშიც მომთხოვენ, “გაგულავდებიან”, დამაჩმორებენ და ამიტომ, აქაც არ დავთმობ, მერე რა, რომ ადამიანის ბედთან მაქვს საქმე, ჩემი პოზიცია, პრინციპულობა და “თანმიმდევრულობა” უფრო ძვირი მიღირს და ჭირსაც წაუღია ეს ბექაც და მისი გულშემატკივარი ქართველი საზოგადოებაცო. აი, სამაგალითო სირეგვნე დღევანდელი ქართული საზოგადოების ერთი (კარგა დიდი და ამიტომ – მმართველი) ნაწილის, ახლომხედველობა ქართული პოლიტიკის (განურჩევლად აქტუალურად მმართველი პარტიისა), სიბნელე ქართული მორალის და აღმზრდელობითი სტრატეგიის…

აი, ჩვენი საცოდავი პერსპექტივა: ციხეში ჩაყრილი ახალგაზრდები, რომლებიც, სტუდენტობის, განათლების და საზოგადოების განივითარების ნაცვლად, მოძალადე და ყაჩაღ კრიმინალებზე უფრო დიდხანს დალპებიან იქ. გარეთ დარჩენილი ნაწილი კი, თავისი შეშინებული, დაბნელებული, ჩმორული და ვითომ წესიერი მორალით, განაგრძობს იმ მონური საზოგადოების რეპროდუცირებას, რომლისკენაც ათწლეულების მანძილზე დეგრადირებულა ეს (გადმოცემით) კულტურული, ვაჟკაცური და ა.შ. ქვეყანა, მხოლოდ კომიკურად შემორჩენილი ეპითეტებითღა რომ ფაფხურობს და იწონებს თავს: “უძველესი”, “მადლიანი”, “ჭეშმარიტი რწმენის სადარაჯოზე მყოფი”, “ღვთისმშობლის წილხვედრი”… ვაი ჩვენს პატრონს, უბედურს…”