Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რატომ დატოვა თანამდებობა ზუგდიდის თეატრის დირექტორმა?

5 თებერვალი, 2015

maia4ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა მაია კალანდიამ თანამდებობა დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გაახმაურა და მიზეზებზეც მინიშნებები გააკეთა:

“დილის 4 საათია. გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე საათის წინ. ზუსტად 5 წლის წინ, 11 თებერვალს, ჩემი და ალექსანდრე ახვლედიანის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, დილის 5 საათზე დაწერა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ. საფუძველი ,,პირადი განცხადება” იყო. იმ დროისთვის ზუგდიდის თეატრის მმართველის ვაკანსია იყო თავისუფალი, თითქმის ორი თვე. შემომთავაზეს და უარი არ ვთქვი. ოჯახში არც მაშინ მუშაობდა არავინ, თან სტუდენტსაც ვარჩენდი. ჩემს გამოცდილებას, მისწრაფებებს და ადამიანურ პრინციპებს, განათლებას არ ეწინააღმდეგებოდა ეს არჩევანი, პირიქით. ჩავიბარე თეატრი, რომელსაც სახელფასო ბიუჯეტიც კი არ ჰქონდა საკმარისი. უბიუჯეტო თეატრი ჩამბარდა. არ ვიცი რამდენად გავიმარჯვე, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები არ დამიკლია. ბოლომდე დავიხარჯე და სიკეთე მინდა იყოს აქ! სპექტაკლის დაწყების წინა საკონტროლო ზარზე ყოველთვის გული ამიჩუყდება! მიტირია ბევრი, წინააღმდეგობა მქონია განუსაზღვრელი… მქონდა უბედნიერესი წუთები, როდესაც სოსო ნემსაძემ ,,სტუმარ-მასპინძელი” და ,,ყვარყვარე” გააცოცხლა. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვესწრებოდი რეპეტიციებს და მქონდა უდიდესი ბედნიერება მეგრძნო პროცესი, თუ როგორ იქმნება სასწაული, რასაც სპექტაკლი ჰქვია. გიორგი ფოჩხუამ ჩემი გულის დიდი ნაწილი წაიღო ამქვეყნიდან.

იყვნენ სხვა რეჟისორებიც, ბევრი სიხარულიც იყო და ბევრი გულისტკენაც.
და დადგა მომენტი, როდესაც უნდა წახვიდე.

თითოეული ჩვენგანი ჯერ ადამიანია და მერე არის პედაგოგიც, დირექტორიც და დამლაგებელიც. დამლაგებლადაც მიმუშავია და ეს იმიტომ გამახსენდა.

არც ახლა მუშაობს ჩემს ოჯახში არავინ ჩემს გარდა. თან ავადმყოფობაც დაგვემატა.
თეატრი და ნებისმიერი საჯარო ინსტიტუცია ეკუთვნის საზოგადოებას. თეატრის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მსახიობია, ამაზე კონსტანტინე კაპანელის წერილი გამახსენდა, მაგრამ ამის ციტირებას არ დავიწყებ. გამგები მიხვდება.

ჩემი ბოლო პროექტიც თეატრს დავუკავშირე. თეატრს და აფხაზეთის თემას. ამ თვის ბოლომდე ანგარიშის პერიოდი მაქვს და ამ პროექტთან ერთად დავემშვიდობები შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს. პროექტს სხვაგვარად სხვაგან გავაგრძელებთ. მადლობა ღმერთს, ამის გონებრივი შესაძლებლობა მომცა ღმერთმა.
არასოდეს არ მიფიქრია, რომ ჩემს უკან დგას თეატრი. ჩემს უკან ჩემი შვილებიც არ დგანან. რადგანაც თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისუფლების არჩევანის უფლება. მე პიროვნება ვარ და ჩემს უკან ჩემი თავმოყვარეობა და ადამიანური პრინციპები დგას. არასოდეს არ გადამიხვევია და არც ახლა ვაპირებ ვუღალატო მათ.

არანაირი სურვილი არა მაქვს ვუყურო უნიჭო ინტრიგების ინსცენირებას. მე უფრო შემრცხვება ამის გამო.

მარადიული არაფერია ამქვეყნად. დირექტორის ვაკანსია ერთია. მსურველები ერთზე ბევრად მეტნი. სატკივარი და საწუხარი გაცილებით მეტი მაქვს და ამაზე არ ვაპირებ ნერვიულობას.
გამიხარდება ძალიან ჩემი თეატრის წარმატება. თეატრი ჩემი იყო იქამდეც, სანამ მმართველი და დირექტორი გავხდებოდი. დღეს მეტადრე ჩემია. ის ჩემი ქალაქის ნაწილია და არსად ვაპირებ ამ ქალაქიდან წასვლას.

უბრალოდ თხოვნა მაქვს ყველასთან. უტრირება არაა საჭირო, ჩემო საყვარელო ადამიანებო. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მარადიული არ იქნებოდა ეს თავისთავად. ძალიან მიყვარს ეს თეატრი და ძალიან მინდა, რომ მოვიდეს ადამიანი, რომელიც უკეთ შეძლებს იმის გაკეთებას, რაც მე ვერ შევძელი. მიყვარხართ თქვენ და ჩემი თეატრი!”