ქართველი მომღერლები ალ ბუსტანის ფესტივალზე მიიწვიეს

al-bustan6ქართველი საოპერო მომღერლები გოჩა დათუბანი და ნინო სურგულაძე ბეირუთში ალ ბუსტანის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. 26 და 28 თებერვალს ქართველი მომღერლები მსოფლიოს ცნობილ საოპერო ვარსკვლავებთან ერთად ბელინის გენიალურ ოპერაში “ნორმა” იმღერებენ.

ალ ბუსტანის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯანლუკა მარჩანოა. მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ამ ფესტივალზე ოთხჯერ წაიყვანა. წელს კი ორკესტრი საფესტივალო პროგრამაში ვერ მოხვდა.

როგორც ქართველი საოპერო მომღერალი გოჩა დათუბანი სოციალურ ქსელში წერს, მოლოდინი საკმაოდ დიდია და მას გულწრფელად წყდება გული, რომ ორკესტრი წელს ფესტივალს მიღმა დარჩა, რადგან ბეირთუში ქართველი მუსიკოსები ბევრს უყვარს:

“პირველად, თავისუფალი დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში, ოღონდ ისტორიაში, რომელიც მე მეხება, მომიწია დგომა მსოფლიოს დიდ ვარსკვლავებთან ერთად. საოცარი შეგრძნებაა, თან ერთ-ერთ მთავარ პარტიაში ჯანლუკას ხელმძღვანელობით. ჯანლუკას აქ აღმერთებენ უბრალოდ. დღეს ძნელია გადმოვცე ის ემოცია, ზოგადად როგორიც აქაურმა გარემომ, კოლეგებმა, ჩემი სასტუმროს ოთახიდან გაშლილმა ხედებმა გამოწვია. ალბათ ნელ-ნელა მივეჩვევი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს სასიმღერო, უბრალოდ მეტი ყურადღებაა საჭირო საქმისადმი, მეტი შრომა თითოეულ დეტალზე. გაათმაგებულად უნდა ვიმუშავოთ საკუთარ თავზე. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა დროს ესეთებია, როცა ქვეყანა თავზე გვექცევა და ესეთი ამბავი და შიში უიმედობის არ მქონია არასდროს, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა ორი სიტყვით ჩვენი ორკესტრის შესახებ, წარმოუდგენლად უყვარს და ენატრება ბეირუთის ალ ბუსტანის ფესტივალს ისინი და ვისაც კი შევხვდი აქაურს, ჰგონიათ რომ თუ ქართველი ვარ, აუცილებლად ორკესტროს მუსიკოსი ვარ. მაბარებენ მოკითხვებს ჩვენს ორკესტრანტებთან და ძალიან გატეხილში არიან რომ წელს არ მოხერხდა მათი ჩამოსვლა აქ. დღეს სასომხეთის ორკესტრი ზის იქ, სადაც ჩემი მეგობრები უნდა ისხდნენ და ეს ძალიან სამწუხაროა. აღარ დავიწყე მიზეზებზე და კინწურაშვილზე ზედმეტი საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ჭირს ჩვენვე უნდა მივხედოთ. არ ვიცი ასეთი რა ქნა ჩვენმა ორკესტრმა და ამ 4 წელიწადში და როგორ შეაყვარა თავი ბეირთუს, მაგრამ სანამ ჩამოვალ, მანამდეც ვიტყვი, რომ ვამაყობ ჩვენი ორკესტრის თითოეული მუსიკოსით. იმედია მალე გუნდიც ასეთივე სიყვარულს დასთესს აქ, როგორიც ორკესტრმა მოახერხა. ერთადერთი ნათელი წერტილი ოპერისთვის ამ ძნელბედობის ჟამს იყო ის, რომ ორკესტრს ძალიან მაღალ დონეზე გაჰქონდა საქართველოს სახელი ამ დიდ ფესტივალზე. კინწურაშვილმა იმდენი ქნა, სანამ არ დატოვა ოპერა ამ სინათლის გარეშეც.”