Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველ პოეტს გრანპრი მიანიჭეს

27 თებერვალი, 2015

paata6ქართველ პოეტს პაატა ნაცვლიშვილს სოლენზარის კულტურის ინსტიტუტმა მიანიჭა საერთაშორისო გრანპრი პოეზიაში, 2014 წელს პარიზში გამოცემული მისი წიგნისათვის „ხელოვნური ყვავილები“. პრიზის გადაცემა მოგვიანებით მოხდება სორბონაში.

პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, ჟურნალ „ობოობას“ რედაქტორი და მოდერატორია.

ის უძღვება სასწავლო კურსებს: ბეჭდური მედია, ჟურნალისტიკის ფორმები და ჟანრები, ჟურნალისტის ოსტატობა, ჟურნალის გამოშვება, ონლაინჟურნალისტიკა, ბლოგინგი, ინტერვიუ. ცნობილია, როგორც უნივერსალური ტიპის ჟურნალისტი, აქვს პრესასა და რადიო-ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი რედაქტორობით გამოიცა პირველი ფერადი და კომპიუტერული გაზეთები საქართველოში. ჟურნალისტიკის გარდა მუშაობს პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიასა და მხატვრულ თარგმანში. არის მრავალი წიგნის ავტორი, შემდგენელი, გამომცემელი, რედაქტორი, დიზაინერი. მისი საზღვარგარეთული რეპორტაჟები სისტემატურად გადაიცემა ტელევიზიით, იბეჭდება პრესაში.

პაატა ნაცვლიშვილმა დააარსა „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“, რომელიც მონაწილეა თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებისა. იღვწის უცხოეთში დაცული ქართული სიძველეების გამოვლენის, შესწავლისა და საქართველოში ჩამოტანისათვის. ბუენოს-აირესში აღმოაჩინა და იმავე წელს თბილისში გამოსცა გრიგოლ რობაქიძის უცნობი ნოველა. არის ბიბლიოფილი და ფილატელისტი.

გამარჯვებული პოეტი ავტორია 20-ზე მეტი წიგნისა, რომელთა შორისაა მონოგრაფიები, ჟურნალისტური კრებულები, გამოკვლევები, ფოტოალბომები, ლექსების კრებულები. ეკუთვნის 70-ზე მეტი ქართული მარკის დიზაინი, არის ავტორი ქართული კომპიუტერული კალიგრაფიული შრიფტისა „სამშობლო“. მონაწილეობდა ირლანდიელი მეცნიერისა და მოგზაურის ტიმ სევერინის ექსპედიციაში „იაზონის ნაკვალევზე“. როგორც ჟურნალისტს, ტურისტს თუ ოფიციალური დელეგაციების წევრს, მოვლილი აქვს ასამდე ქვეყანა.