Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პაატა ბურჭულაძის კონცერტზე ინციდენტი მოხდა

12 თებერვალი, 2015

ppppppp123პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე ინციდენტი მოხდა, რის გამოც მომღერალს პირადად მოუწია ბოდიშის მოხდა.

გარდა იმისა, რომ კონცერტი საკმაო დაგვიანებით დაიწყო, სხვა გაუთვალისწინებელმა პრობლემამაც იჩინა თავი. საღამოზე დასასწრებად რიგით მაყურებლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც მივიდნენ, მაგრამ ეტლით მოსარგებლეებმა კონცერტზე დასწრება პანდუსების არქონის გამო ვერ შეძლეს. მათ იუბილარმა პირადად მოუბოდიშა.

მთლიანობაში საღამო კარგი გამოვიდა. იუბილარს დაბადების დღე მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებმა მიულოცეს, მათთან ერთად იყო მევიოლინე ლიანა ისაკაძეც.

12 თებერვალი პაატა ბურჭულაძისთვის დატვირთული აღმოჩნდა. იუბილარს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო წოდება მიენიჭა. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში იუბილარი მიწვეულ სტუმრებთან ერთად მივიდა. როგორც ცნობილი გახდა, გადაწყვეტილება აკადემიკოსთა საერთო კრებაზე გამოცხადდა.

60 წლის იუბილე პაატა ბურჭულაძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც მიულოცა. ილია მეორემ მას მახათას მთაზე ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

კინოთეატრ “რუსთაველში” კი პაატა ბურჭულაძეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის “ხმა” პრემიერა გაიმართა. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადდა და მისი რეჟისორი ლევან კიტიაა.