Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოთარ იოსელიანი იუბილარია

2 თებერვალი, 2015

otar7ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი იუბილარია. მას 81 წელი შეუსრულდა.

იუბილარმა თბილისის კონსერვატორია დაამთავრა კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. მოგვიანებით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. საბოლოოდ ოთარ იოსელიანმა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ისწავლა, სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო.

ოთარ იოსელიანმა კარიერის დასაწყისში გადაიღო მცირემეტრაჟიანი ფილმი „აპრილი“, ხოლო მოგვიანებით დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. რეჟისორის სრულმეტრაიან ფილმში “გიორგობისთვე” გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი. ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის.

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის მისი მორიგი ფილმი “იყო შაშვი მგალობელი”, რასაც მოყვა „პასტორალი“. რეჟისორმა ამ ფილმისთვის ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.

80-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში გადავიდა სამუშაოდ, სადაც რამდენიმე დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მისმა „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა ფილმებს „და იყო სინათლე“ და „ყაჩაღები. თავი VII“.

„აკვარელი“, “საპოვნელა“, „აპრილი“, „თუჯი“, „ძველი ქართული სიმღერა“, „7 პიესა შავ-თეთრი კინოსათვის“, „გიორგობისთვე“, “იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „მთვარის ფავორიტები“, „და იყო სინათლე“, „ნადირობა პეპლებზე“, „საქართველო, ეული“, “ყაჩაღები. თავი VII“, „მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!“, „ორშაბათი დილა“, „შემოდგომის ბაღები“, „შანტრაპა“ – ეს ის ფილმებია, რომელიც ოთარ იოსელიანმა თავისი კინოკარიერის განმავლობაში გადაიღო და კინემატოგრაფში თავისი გამორჩეული ხელწერის დამკვიდრებით ერთგულ მაყურებელთა მთელი არმია გაიჩინა.