21 თებერვალი, 2015

მურმან ჯინორია იუბილარია

murman12321 თებერვალს მურმან ჯინორია იუბილარია. მას 68 წელი შეუსრულდა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და ილიას პრემია “საგურამო”-ს მფლობელი მსახიობი გამორჩეულია თავისი ინდივიდუალიზმით და პროფესიისადმი დამოკიდებულებით. იუბილარი თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში სწავლობდა. მისი დასრულების შემდეგ, სამუშაოდ მივიდა რუსთაველის თეატრში და დღემდე იქ მოღვაწეობს.

მურმან ჯინორიამ რუსთაველის თეატრის სცენაზე განასახიერა არაერთი როლი და მაყურებლის მოჯადოებაც შეძლო. დიმიტრი პაუშენკო, ბატონი ნოე, მარლის სული, კენტი, ვიქტორი, აბესალომი, თომა, მესამე მსაჯული, ბატონი კოტე, ბერლეი, პოლონიუსი, ეს იმ როლების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მსახიობმა რუსთაველის თეატრის სცენაზე განასახიერა.
მურმან ჯინორიამ გურამ საღარაძესთან და ზინა კვერენჩხილაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში “სხვა საქართველო”, რომელიც ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშებს აერთიანებდა.

მსახიობმა მონაწილეობა მიიღო კინომსახიობთა თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებშიც ,,სისხლიანი ქორწილი”, “საქმე”, ,,შუშანიკის წამება”, ,,დონ ჟუანი”.

მურმან ჯინორია მხატვრული კითხვის ოსტატია. რუსთაველის თეატრში მისი ავტორობითა და შესრულებით განხორციელდა ლიტერატურული კომპოზიციები ,,ბედისწერა გვიხსნის მარად” და ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი”. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნა სპექტაკლი ,,… და სიმღერით ვკვდები”, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების მიხედვით დადგა ,,ზღვა ძალიან ღელავს”, შექსპირის ,,ჰამლეტისა” და სონეტების მიხედვით განახორციელა ,,დროთა კავშირი დაირღვა”, დავით გულიას ლექსების მიხედვით ,,მე იალქანი უნდა გავშალო”, ამავე თეატრში განასახიერა ლეონარდო სპექტაკლში ,,დედა დედოფალი”, სადაც პარტნიორობას უწევდა ლეგენდარულ სოფიკო ჭიაურელს.

მისი ტელედებიუტი შედგა სატელევიზიო დადგმაში “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”, სადაც სერგოს როლი შეასრულა. ამას მოყვა კინოროლები ფილმებში “გზაჯვარედინზე”, “სინემა”, “ჩაკლული სული“. მსახიობი ბოლო დროს სხვადასხვა ქართულ სერიალებშიც მონაწილეობს.