10 თებერვალი, 2015

კინემატოგრაფისტები საპროტესტო აქციებს იწყებენ

q678კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრები საპროტესტო აქციებს იწყებენ.

ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მიხეილ კობახიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, რეზო ესაძე, ბაადურ წულაძე, თემურ ფალავანდიშვილი, ქეთი დოლიძე, თემურ ბაბლუანი, დიტო ცინცაძე, ბუბა ხოტივარი, ოთარ ლითანიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ბიძინა ჩხეიძე, ლევან თუთბერიძე, გიორგი ოვაშვილი საკუთარ პროტესტს გამოხატავენ კინოცენტრში, კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროში დაგეგმილი ანტისახელმწიფოებრივი პროექტების მიმართ!

კინოცენტრში, კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში საქართველოს საზოგადოებრიობისა და კინემატოგრაფიული საზოგადოებისგან გასაიდუმლოებულად, კონსპირირებულად იგეგმება XX საუკუნის ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის, ფასეულობის კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გასხვისება.

მიზანდასახულად ხდება არა მხოლოდ ამ უნიკალური კულტურული კერის განადგურება, არამედ საზოგადოდ ქართული კინოს, როგორც ეროვნული ფენომენის, ბრენდის აბსოლუტური გაქრობა ქვეყნის ისტორიიდან.

იგეგმება არა მხოლოდ კინოსტუდიის უძრავი, არამედ მისი ინტელექტუალური ქონების გასხვისებაც, რაც ქართულ კინოს დაღუპვამდე მიიყვანს!

ჩინოვნიკთა მიერ არჩეული გზა თავისთავად გულისხმობს უარის თქმას იმ ფასეულობებზე, ტრადიციაზე, ესთეტიკაზე, ფილოსოფიაზე რითაც განთქმულია ეროვნული კინემატოგრაფი, რაც დღესაც ასაზრდოებს ახალგაზრდა თაობას და ქართული კინოს მომავალის საწინდარია.

ქართველ კინემატოგრაფისტთა შეშფოთებისა და პროტესტის მთავარი საკითხებია:

1. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაქვემდებარებულ ორგანიზაციად გადაქცევა, უფრო სწორედ კინოცენტრთან მიერთება, რაც მთლიანად არღვევს კანონს კინოს შესახებ, დემოკრატიულობის პრინციპს შემოქმედებით პროცესებში…;

2. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიის (14 ჰექტარი) ათვისება და როგორც ცნობილი ხდება აღნიშნულ მიწაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;

3. სრულიად მოულოდნელად და კინემატოგრაფიული საზოგადოების იგნორირებით, ტელევიზიით გამოცხადდა კინოსტუდიის ეფექტური მართვის კონცეფციის კონკურსი, რომელსაც ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების ინიციატივით ხორციელდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სამთავრობო კომისიის დავალებით, კინოსტუდიის სამეთვალყურეო საბჭოს და ქართველ კინემატოგრაფისტებს უკვე შექმნილი აქვთ „ქართული ფილმის“ მართვის, განვითარების… კონცეფცია, თუმცა დღემდე სამინისტროებში წარდგენილი ეს დოკუმენტი არავის განუხილავს;

4. პროტესტს იწვევს ისიც, რომ 4 თვის განმავლობაში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორის პოსტი დღემდე ვაკანტურია და ხელოვნურად ხდება კინოსტუდიის საქმიანობის პარალიზება;

5. კინემატოგრაფისტების მიერ მომაზადებული პროექტი „ქართული კინოხელოვნების საგანძური“, რომელიც ეხება ქართული ფილმების დაბრუნებას რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში და რომელიც შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრთან, ასევე კინემატოგრაფისტების, ფილმების მფლობელების და ავტორების უგულვებელყოფით აღმოჩნდა შეცვლილი. მთლიანად არის შეცვლილი პროექტის მიმართულება. თუმცა დღემდე არ არსებობს კინემატოგრაფისტთა მიერ შეთავაზებული პროექტის „ქართული კინოხელოვნების საგანძური“ საპირისპირო ალტერნატიული პროექტი, არ არსებობს კონცეფცია, ვადები, ტექნიკური პირობები, შესრულების გეგმა, არც ერთი იურიდიულად გამართული საბუთი, ფინანსური გათვლა მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივით;

6. მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსეთიდან უსასყიდლოდ დაიბრუნებს ქართული ფილმების დედნებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმების ნეგატივები უკვე არა ერთი წელია გამოცხადებულია სამუზეუმო ექსპონატებად და წარმოადგენენ რუსეთის საკუთრებას. ამდენად დედნების გადმოცემა ვერ მოხერხდება. გარდა ამისა, არც უსასყიდლოდ გადმოცემაზეა საუბარი, რადგან პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გაცემა ასლების ჩამოტანაზეა გათვლილი.

7. პროტესტს იწვევს 30 სექტემბერს კულტურის სამინიტროსა და რუსეთის „გოსფილმოფონდს“ შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ტექტი, პირობები…, რომლის თანახმადაც ფილმების მფლობელები (რეჟისორები და კინოსტუდია „ქართული ფილმი“) გამოცხადებული არიან მესამე პირებად და მათ ეკრძალებათ რაიმე სახით მონაწილება ფილმების დაბრუნებასთან დაკავშირებულ პროცესებში. მემორანდუმის ხელმოწერის საფუძველი კი სწორედ მფლობელთა ნებართვა, თანხმობა უნდა ყოფილიყო. მით უფრო გზა, რომელიც არჩეული აქვთ კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრს კიდევ მრავალი წლის მანძილზე ტოვებს საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის გარეშე;

8. ასევე შეშფოთებას და პროტესტს იწვევს კინოცენტრის მიერ კინემატოგრაფიული საზოგადოების იგნორირება, მათთან შეთანხმების გარეშე არა ერთი მიუღებელი გადაწყვეტილების დამტკიცება, გასაიდუმლოებული და კონსპირირებული გეგმები, რაც ხშირ შევევაში ფაქტის წინაშე აყენებს კინემატოგრაფისტებს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებისა და ჟიურის წევრების შერჩევის წესი, კონკურსების პირობების თავისებურებები არა ერთ კითხვას ბადებს;

კინემატოგრაფისტთა მთავარი მოთხოვნებია:

1. დაუყონებლივ დაიწყოს კინემატოგრაფისტთა მიერ მომზადებული პროექტის „ქართული კინოხელოვნების საგანძური“ განხორციელება, რაც ქართული ფილმების ციფრული ასლების დაბრუნებას გულისხმობს და საშუალებას იძლევა უმოკლეს ვადებში მოწესრიგდეს არა ერთი მნიშვნლოვანი პრობლემა (არ ხარისხის ხარჯზე!!!).

2. დაინიშნოს კინოსტუდია „ქათული ფილმის“ დირექტორი;

3. განხილული იქნას კინოსტუდიის მიერ შემუშავებული კონცეფცია;

იმის გამო, რომ კულტურისა და ეკონომიკის მინისტრები ისევ დუმილს მიმართავენ, ისევ არ სურთ კინემატოგრაფისტებთან საუბარი და „კინემატოგრაფიული ომის“ თავიდან აცილება, ისევ იგნორირებულია კინოცენტრის მიერ მათი პროტესტის მთავარი მიზეზების განხილვა, ქართველი რეჟისორები არ აპირებენ გაჩუმებას, საკუთარი პოზიციებისა და სიმართლის დათმობას და ბოლომდე მიიყვანენ ამ პრობლემის სასიკეთო დასასრულამდე.