1 თებერვალი, 2015

კასპში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

skola4კასპში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

ფოლკლორის ცენტრის კასპის წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს ფოლკლორის თითოეული დარგის თანაბარ განვითარებასა და აღორძინებას, ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებასა და მოვლას, უნიკალური ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენასა და პოპულარიზაციას.

სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში.

კულტურის სახლში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანზორ ერქომაიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი, ცენტრის სპეციალისტები, კულტურის სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონცერტზე გაჟღერდა ქართული, ხალხური სიმღერები და საგალობლები, რომლებიც ანსამბლმა “მოურავმა” და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მგალობლებმა შეასრულეს.