18 თებერვალი, 2015

გურამ ფირცხალავა 75 წლის გახდებოდა

g33318 თებერვალს ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა. მას 75 წელი შეუსრულდებოდა.

ფოთელმა მსახიობმა თავისი ინდივიდუალობით მოახერხა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მაყურებლის გულებში. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ის მუშაობდა გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, მოგვიანებით მარჯანიშვილის თეატრში.
საბოლოოდ თეატრს კინო ამჯობინა და ათეული წლების განმავლობაში არაერთ ქართულ თუ უცხოურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მთლიანობაში მსახიობი 71 ფილმში გადაიღეს.

მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში “ჯვარცმული კუნძული”, სადაც გუჯას როლი შეასრულა. ამას მოყვა “მოლოდინი”, “კოლხური ბალადა”, “პირველი მერცხალი”, “ამაღლება”, “დათა თუთაშხია”, “ყვარყვარე”, “მიზანი”, “ბეღურების გადაფრენა”, “ბანდიტი აგურის ქარხნიდან”, “დღეს ღამე უთენებია”, “ადამიანთა სევდა”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, “თემო”, “ნაზარის უკანასკნელი ლოცვა”, “სპირალი”, “თეთრი ბაირაღები”, “ვალსი პეჩორაზე”, “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”, “ანთიმოზ ივერიელი”, “კიდევ ერთი ქართული ისტორია”, “მიდიოდა მატარებელი”. მისი ბოლო ნამუშევარი ქართულ კინოში სოსო ჯაჭვლიანის ფილმი “მაიტა ნასოსი” აღმოჩნდა.

მსახიობი გასული წლის ნოემბერში 74 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა.