20 თებერვალი, 2015

გიორგი ნაკაშიძე: ’’ნუ ქმნით აჟიოტაჟს!’’

giorgi678კინომსახიობთა თეატრის მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მოუწოდებს საზოგადოებას, სიტუაციები რეალურად გააანალიზოს და არ შექმნას აჟიოტაჟი.

გიორგი ნაკაშიძე, მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი უკვე ლოს ანჯელესში არიან. მათი რამდენიმესაათიანი ლოდინი თურქეთის აეროპორტში დასრულდა და ოსკარზე მიმავალი ქართველი მსახიობები ამერიკაში გაფრინდნენ. თურქეთში მათ კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდათ, აეროპორტში მიშა მესხმა პასპორტი დაკარგა, თუმცა მალევე იპოვეს.

ლოს ანჯელესში მყოფმა გიორგი ნაკაშიძემ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ყველაფერი მოგვარებულია და მსახიობები ადგილზე არიან:

“მოგესალმებით ჩემო კარგებო, მართალი გითხრათ ახლა გავხსენი ჩემი გვერდი და დიდი აჟიოტაჟი დამხვდა! ჩვენი შეფერხება უამნიდობის გამო მოხდა და რაიმე ზებუნებრივ ძალებს ნუ მიაწერთ! ასევე, შეფერხდნენ მთელი სტამბულის აეროპორტის წამსვლელი და წამომსვლელი მგზავრები. ასე რომ არაფერი უცნაური ამაში არ არის… დიდი მადლობა თანადგომისთის და ასევე, დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც შეწუხდნენ და სანამ თვითმფრინავში არ ჩაგვსვეს, იქამდე ჩვენთან ერთად იყვნენ! უბრალოდ ჩემი თხოვნაა, ჩვეულებრივ სიტუაციას, რეისის უამინდობის გადადებას ვგულისხმობ, ნუ გადააქცევთ პოლიტიკური ანგარიშსწორების სარბიელად!“

ესტონეთის სახელით ოსკარზე წარდგენილი “მანდარინები” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში მოხვდა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ესტონელ პროდიუსერთან და ქართველ რეჟისორთან ერთად ოსკარზე ქართველი და ესტონელი მსახიობებიც ჩავიდნენ. ოსკარების 87-ე დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს დოლბის კინოთეატრში გაიმართება.